მთავარი,სიახლეები

მახინჯაურში დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც 8 კვ/მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული

08.02.2021 • 3410
მახინჯაურში დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც 8 კვ/მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული

7 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველებმა და აქტივისტებმა დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც მახინჯაურში 8 კვადრატ მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული თვეების მანძილზე.

კატები აქ მცხოვრებ მოქალაქეს ჰყავდა ოთახში გამოკეტილი. ის ამბობდა, რომ ცხოველებზე ზრუნავდა, თუმცა არ აძლევდა კატებს გარეთ გასვლის უფლებას და ვერ უზრუნველყოფდა მათ სტერილიზაცია/კასტრაციას, სათანადო კვებას, მოვლასა და ზრუნვას. ცხოველები ვიწრო სივრცეში, სიბინძურეში ცხოვრობდნენ ისე, რომ მზის შუქი ნანახი არ ჰქონდათ.

ინფორმაცია მახინჯაურში დატყვევებული კატების შესახებ ფეისბუქზე ორი თვის წინ გაავრცელა მოქალაქემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მის მიერ გადაღებულ კადრებში ასახული იყო, ათობით კატა როგორ ცდილობდა ოთახიდან გარეთ გამოღწევას. საუბრობდნენ იმაზეც, რომ იყო კატების მიერ დახურულ სივრცეში კნუტების შეჭმის შემთხვევაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ცხოველთა უფლებების დამცველები და ცხოველთა მოყვარულები გაწევრიანდნენ გამოკეტილი კატების დასახსნელად.

ოთხი ორგანიზაციის სახელით: „პროექტი ცხოველებისთვის (მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის)“; „საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი“, „წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაცია“ და „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ მახინჯაურის პოლიციაში წინასწარ გადაიგზავნა ოფიციალური საჩივარი.

ცხოველთა უფლებების დამცველებმა, მოხალისეებმა, ტყვეობიდან დახსნილი 75 კატა 7 თებერვალს თბილისში გადაიყვანეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა ნათია ჩიქოვანს, ორგანიზაცია „პროექტი ცხოველებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომლის თქმითაც, ამჟამად კატებს იკვლევენ. პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ კატების უმრავლესობას, სავარაუდოდ, რინოტრაქეიტის ვირუსი აქვს – ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადება კატებში, რომელიც მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. ასევე, ზოგიერთ ცხოველს აქვს სოკოს ნიშნები, არის რაქიტის შემთხვევაც.

„ვეტერინარული კლინიკა „ვეტექსია“ ჩართული დიაგნოსტირების და მკურნალობის დაგეგმვის საკითხში. ყველა ცხოველი რჩება ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ დროებით იჯარით აღებულ სივრცეში. როგორც კი დასრულდება დიაგნოსტირება, დაიწყება მკურნალობის პროცესი, სტერილიზაცია/კასტრაცია. აუცილებლად გასტერილდება ყველა კატა. ამის შემდგომ უკვე დაიგეგმება მოქმედების სტრატეგია“, – გვითხრა ნათია ჩიქოვანმა, რომელიც გუშინ თავადაც იმყოფებოდა მახინჯაურში სხვა მოხალისეებთან ერთად, კატების დასახსნელად.

იგი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოხალისეებმა შინაური ცხოველების დახსნა შეძლეს კანონის დაცვით, ძალადობის გარეშე, პოლიციის ჩართულობით.

შემგროვებელი – ასე უწოდებენ ცხოველთა უფლებების დამცველები პირს, რომელიც კომპანიონ ცხოველებს აგროვებს ერთ სივრცეში, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მათთვის სათანადო პირობების შექმნა.

ნათია ჩიქოვანი ამბობს, რომ შემგროვებლობა საქართველოში სერიოზული პრობლემაა და მახინჯაურის შემთხვევა არ არის ერთადერთი:

„მაგალითად, ძალიან გახმაურებულია ერთი საქმე, კახეთში, თუ არ ვცდები. ქალს ბევრი ძაღლი ჰყავს გამოკეტილი დახურულ სივრცეში. სამწუხაროდ, არ ვყოფილვართ ჩართული ამ თემაში, ვერ მოხდა კანონის ფარგლებში რეაგირება და ჯერჯერობით გაჩერებული არიან აქტივისტები – ვერ ხდება ცხოველების დახსნა. იყო თბილისში კიდევ ერთი მსგავსი საქმე, თუმცა ასეთი მასშტაბური, დაგეგმილი პროექტი არ განხორციელებულა, როგორც ეს მახინჯაურში მოხდა.

ორი თვე ვიმუშავეთ, რომ გამოგვეკვლია, გვენახა საერთაშორისო მაგალითები, დიდი მხარდაჭერა გვქონდა ვეტერინარული კლინიკებისგან, აქტივისტებისგან და საერთო ძალისხმევით მოხდა ამ შედეგის მიღწევა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება პრეცედენტული საქმე“.

მახინჯაურში გამოკეტილი კატების დასახსნელად ყველა აქტივობას შემოწირულობით აფინანსებენ მოქალაქეები, რომელთაც უყვართ ცხოველები. ამაში შედის ტრანსპორტირების, კატებისთვის საგანგებო ფართობის დროებით დაქირავების, მკურნალობის, რეაბილიტაციის და კვების ხარჯები. თანხის შეგროვება კატების სამკურნალოდ გრძელდება.

______________

მთავარ ფოტოზე: ოთახში გამოკეტილი კატები თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად მათი დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ფოტო: ფისომოყვარულთა კლუბი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: