Batumelebi | პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან – Batumelebi
RU | GE  

პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან

გიორგი ხატიაშვილი მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ის აშშ-ში იყო. ახლა გიორგის სასწავლო დეპარტამენტი უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, სტუდენტებს ლექციები ზუმით უტარდებათ.

შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას გადავადება სჯობს და რომ ფოსტის საშუალებით გაგზავნილი საარჩევნო ხმები მანიპულაციების საშუალებას იძლევა, რაც, მისი აზრით, შედეგების სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ.

რა წინასაარჩევნო განწყობებია საზოგადოებაში აშშ-ში, როგორ მოქმედებს კორონაპანდემია საარჩევნო პროცესზე და როგორია საზოგადოება შტატებში პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ – პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტი გიორგი ხატიაშვილი „ბათუმელებთან“ ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს.

გიორგი ხატიაშვილი:

„დოქტორანტურაში ნაკლებად მიწევს ლექციებზე დასწრება. მისისიპის შტატში, ქალაქ ოქსფორდში, სადაც მე ვცხოვრობ, უნივერსიტეტი დაცარილებულია. თითქმის  ყველა ლექცია ზუმში უტარდებათ სტუდენტებს.

ზოგი დეპარტამენტი ლექციების ნაწილს ატარებს აუდიტორიებში წესების დაცვით: 200 კაციან აუდიტორიაში 40 სტუდენტი ზის. ღიაა ბიბლიოთეკაც, წესების დაცვით ისარგებლებ. მაგიდასთან, სადაც 4 ადამიანი ეტეოდა, ახლა მხოლოდ ერთი თავსდება. ნიღბების ტარება სავალდებულოა ავტობუსში, დახურულ სივრცეებში, მაღაზიებში, კამპუსშიც.

ტესტავენ მთელ უნივერსიტეტს, უსიმპტომოებსაც. მოგივა მოწვევა,  რომ დაგტესტავენ და უნდა მიაკითხო. უნივერსიტეტს აქვს ყოველდღიურად განახლებადი მონაცემები, თუ რამდენ სტუდენტს აღმოაჩნდა კორონავირუსი ტესტირების შედეგად. 2000 გატესტილი სტუდენტიდან მხოლოდ 4-ს აღმოაჩნდა კორონავირუსი ჩვენს კამპუსში. მე ქალაქში ინფექციის გავრცელების მასშტაბის დადგენის მიზნით გამტესტეს. 20 ათას კაცს გაუგზავნეს მოწვევა, უსიმპტომოებსაც მათ შორის, მაგრამ მათგან მხოლოდ 2000 ადამიანი მივიდა.

პანდემიის პირველი ტალღისას, მარტის დასაწყისში დაინგრა ლამის სამყარო, კუბასა და ვენესუელაში მქონდა მხოლოდ ნანახი და საბჭოთა სურათებზე, რომ დახლები ცარიელი იყო. ტუალეტის ქაღალდი რომ გაქრა, მედიის საშუალებით ნახა მსოფლიომ. მაღაზიებში იყო მინიშნებები, რომ მხოლოდ 1 გაყინული ქათმის აღება შეიძლებოდა ან ერთი შეკვრა კვერცხის.

თითქმის აგვისტომდე იყო მაღაზიებში სიხალვათე. თაროებიდან გაქრა ლობიო, ბურღულეული და ნიღბები, სანიტაიზერები. ახლა ყველაფერია, მაგრამ პანდემია არსად გამქრალა.

თებერვალშივე იცოდა მსოფლიომ, რომ ეს სერიოზული ვირუსი იყო და ბევრი გარდაიცვლებოდა, მაგრამ ტრამპის არასერიოზული მესიჯები არ წყდებოდა, რომ თითქოს კორონავირუსი ერთ თვეში გაივლიდა, ამბობდა, რომ გრიპისგანაც 60 ათასი გვიკვდება ყოველწლიურად, ნუ ნერვიულობთო. ამბობდა, რომ ზაფხულის სიცხე მოსპობდა ვირუსს და ა.შ. ახლა ის აკეთებს განცხადებას, რომ ვაქცინა 2 კვირაში იქნება, ბაიდენი კი აანონსებს, რომ ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, რაც უფრო რეალურია, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტის ფსევდოპოზიტიური მესიჯები.

კოვიდპანდემიამდე ეკონომიკური მონაცემები ტრამპის ასე თუ ისე დადებით რეიტინგზე მოქმედებდა: იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უმუშევრობისა ქვეყანაში, რაც აქამდე ყოფილა, მათ შორის აფროამერიკელების, მაგრამ პანდემიის პირობებში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა.

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით, იმ შტატებში, რომლებიც საზღვრავენ არჩევნების ბედს აშშ-ში, უპირატესობა აქვს ჯოზეფ ბაიდენს. ჩემს შტატში, მისისიპში, ტრადიციულად რესპუბლიკელები იგებენ არჩევნებს, თავად ტრამპიც კი არ ხარჯავს ამ შტატზე რესურს, არც ბაიდენი.

რაც შეეხება ფოსტით ხმის მიცემას: ტრადიციულად ასე მასშტაბურად არა, მაგრამ ამერიკელები ფოსტით ხმას აქამდეც აძლევდნენ. შეიძლება თუ არა მანიპულირების მექანიზმად აქციონ ფოსტით მასობრივად ხმის მიცემა? კი, მაგრამ ამის მაგალითები აშშ-ში არ არსებობს.

მაგალითად, აქ არ არსებობს ამომრჩეველთა საერთო სია. თავად უნდა დარეგისტრირდე ამომრჩევლად შენს შტატში. სხვადასხვა შტატში განსხვავდება ამომრჩევლად დარეგისტრირების პირობები, სხვადასხვა დოკუმენტს გთხოვენ ამისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს უცნაურად ჩანს, მაგრამ აშშ-ში ძალიან დეცენტრალიზებულია ამომრჩეველთა სისტემა და ყველა შტატი საკუთარი წესებით მოქმედებს.

მაგალითად, მისისიპის შტატი უფლებას გაძლევს მისცე ხმა სტუდენტის ბარათითაც, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმაში უბრალოდ წერ მისამართს, რომ ხარ მოქალაქე და ა.შ. უხეშად რომ ვთქვათ მე, არამოქალაქემ რომ მოვინდომო, შემიძლია ხმა მივცე არჩევნებზე თაღლითურად, თუმცა მითითებულია, რომ თუ ასე მოიქცევი 5-წლიანი პატიმრობა გელის და 50 ათასი დოლარი ჯარიმა.

ვერ გავიხსენებ საპრეზიდენტო არჩევნებს აშშ-ში, როცა ხმის უფლების მქონეთა 60 %-ზე მეტი მივიდა არჩევნებზე. ამაზე მეტი აქტივობა მე არ მახსოვს. ათეულობით მილიონი ადამიანი არ მონაწილეობს არჩევნებში, ისინი, ვისაც ამის უფლება აქვს. ამერიკაში პრობლემა არის აქტივობა, მასობრივი ფალსიფიკაციები კვლევებით არ დასტურდება.

50 მილიონ ამერიკელს უკვე წინასწარ აქვს მიცემული ხმა. ფოსტით მიღებული ხმები 3 ნოემბრის არჩევნების ღამეს გაიხსნება. ხმების თვლას, თან კრიტიკულ შტატებში, შეიძლება 2 კვირაც დასჭირდეს.

არაპროგნოზირებად შტატია, მაგალითად, ფლორიდა, ვერ გაიგებ იქ ვინ გაიმარჯვებს, შეიძლება 200 ხმით მოიგოს რომელიმე კანდიდატმა, ან პირიქით.

წინა არჩევნებში ტამპმა გაიმარჯვა უისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში. სამივე დემოკრატიული შტატი იყო ტრადიციულად, დემოკრატები აქ იგებდნენ, არა დიდი უპირატესობით, მაგრამ მაინც.

მაგალითად პენსილვანიაში, სანამ 2016 წელს აქ ტრამპმა არ გაიმარჯვა, 1988 წლიდან რესპუბლიკელ პრეზიდენტს არ მოუგია. ამ შტატში ახლა ბაიდენი ლიდერობს. პრეზიდენტი რომ გახდეს, ტრამპმა ეს 3 შტატი უნდა მოიგოს.

არ ვიცით რა შედეგები იქნება ოჰაიოში. ზოგადად რესპუბლიკელი პრეზიდენტი ვერ გახდება, თუ ვერ იგებს ოჰაიოს. ასევე ამ საარჩევნო სეზონმა მოიტანა რამდენიმე საინტერესო რამ. ვთქვათ ტრადიციულად რესპუბლიკური შტატები: ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია ახლა ბეწვზვის ხიდზეა. არიზონაში პრაქტიკულად ყოველთვის დემოკრატები იმარჯვებენ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე სენატის არჩევნებში.

ტეხასიც კი, სადაც 1978 წლიდან არ არჩეულა არამცთუ დემოკრატი პრეზიდენტი, არამედ შტატის რაიმე თანამდებობაზეც კი, შეიძლება ამ არჩევნებში გალურჯდეს – დემოკრატების ფერებში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com