სიახლეები

ბათუმში კომპანიამ სახლი უნებართვოდ დაანგრია – რას აპირებს არჩილ ჩიქოვანი

29.09.2020 • 2532
ბათუმში კომპანიამ სახლი უნებართვოდ დაანგრია – რას აპირებს  არჩილ ჩიქოვანი

ბათუმში, ფარნავაზ მეფის #59 -ში კომპანიამ სამსართულიანი სახლი უნებართვოდ დაანგრია. ადგილზე გვითხრეს, რომ ნებართვა აქვთ, თუმცა ვერ წარმოგვიდგინეს: „ხვალ გაჩვენებთ“, გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, რომელ კომპანიას წარმოადგენდა და რა ფუნქციისა და მასშტაბის მშენებლობა იგეგმება ადგილზე.

იმის მიუხედავად, რომ კანონით სავალდებულოა მშენებლობის ადგილზე ბანერის განთავსება, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია, მშენებელი კომპანიების მფლობელების უმრავლესობა ბათუმში ამას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, არც ანგარიშვალდებულებას გრძნობს საზოგადოების – იმ ქუჩის მცხოვრებთა წინაშე, ვის საცხოვრებელ გარემოსაც მის მიერ წამოწყებული ახალი მშენებლობა ცვლის.

სწორედ იმ მოტივით, რომ მოქალაქეს აქვს უფლება დემონტაჟის დაწყებამდე, ნებართვის გაცემამდეც კი, გაიგოს რა იგეგმება მის საცხოვრებელ სახლთან, კანონი აწესებს საინფორმაციო დაფის განთავსების აუცილებლობას პროცედურის დაწყების პირველივე დღიდან.

ამ დაფაზე უნდა განთავსდეს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მშენებლობის მასშტაბების და ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ბათუმში კი მშენებლები არათუ ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ, არამედ ადგილზე კითხვებზეც კი არ პასუხობენ.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კომპანიას ამ მისამართზე სახლის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახლის მშენებლობაზე პროცედურა მერიაში დიდი ხანია წამოწყებული აქვს. არსებობს ბრძანება, რომლის თანახმადაც პროექტი მერიამ უკვე შეითანხმა, თუმცა საბოლოო ნებართვა კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, სამსართულიანი სახლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში უკანონოდ დაანგრიეს.

„ინსპექციამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და  კომპანიის მიმართ გატარდება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, რაც შედის ინსპექციის კომპეტენციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ უწყებაში.

ამ ვითარებაში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მშენებლობის საბოლოო ნებართვას უნდა მოაწეროს ხელი.

მერის მოვალეობის შემსრულებელს ვკითხეთ, როგორია მისი რეაქცია, როცა კომპანია ბედავს მერიასთან ახლოს, თითქმის ერთ კვარტალში სახლის უკანონოდ დანგრევას, მაშინ, როცა მას ამ ნებართვის მიღებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს და შეუძლია, უბრალოდ, რამდენიმე დღე დაიცადოს. არჩილ ჩიქოვანმა პრესსამსახურის დახმარებით გვიპასუხა, რომ ის შეუწყნარებელი იქნება ყველა უკანონო ქმედების მიმართ და კომპანია კანონით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად დაისჯება.

ფარნავაზ მეფის #59-ში მშენებლობის ნებართვას კომპანია „რენესანს დეველოპმენტ გრუპი“ ითხოვდა, ეს საკითხი რამდენჯერმე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზეც განიხილეს, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფარნავაზ მეფის #59-ში არსებული სახლის მფლობელებთან შპს „რდ გრუპს“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „რდ გრუპი“ იგივე „რენესანს დეველოპმენტ გრუპია“.

კომპანია რუსეთის მოქალაქეს გრიგორი ანჩაბაძეს ეკუთვნის [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს].

„რენესანს დეველოპმენტს გრუპი“ ის კომპანიაა, რომელმაც ბარათაშვილის #26-ში ისტორიული, ორსართულიანი სახლი დაანგრია, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში. სახლი წლების წინ დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა, სწორედ ამ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: