დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარაში კვლავ უნდა ამოქმედდეს „დარჩი სახლში“ პრინციპი.

„აჭარაში რადგან ჩვენ მაღალი გვაქვს ინფიცირების მაჩვენებელი, ის, რაც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის – „დარჩი სახლში“ პრინციპი ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალური დისტანციური მუშაობა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 24 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სანამ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდება – „სასურველია, რომ მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, არავინ არავის დაჯაარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“.

გამყრელიძემ ასევე მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას დისტანციისა და ჰიგიენის წესები, ხოლო Covid 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქე თვითიზოლაციაში გადავიდეს და შემდგომი ინსტრუქციებისთვის 112-ს დაუკავშირდეს.


24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4 399. ოფიციალური ინფორმაციითვე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 705-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 26 პაციენტი.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version