Batumelebi | ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში, ოფისის გარემონტებაში, სახელმწიფო ინსპექტორი 461 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქ. N54-ში მდებარე შენობას საოფისედ გაარემონტებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 461 ათასი ლარია გამოყოფილი. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის მოადგილეს, სერგო გოგიტიძეს ჩამოართვა სახელმწიფომ.

„სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 23 მაისის მომართვა – საფუძველი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის N2-476/11 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც სერგო გოგიტიძეს ჩამოერთვა ქალაქ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა N54-ში უძრავი ქონება“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ერთ-ერთ განცხადებაში.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს ქონება, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, სარგებლობაში [10 წლით] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 2020 წლის აპრილში გადაეცა. შენობის ორივე სართულის საერთო ფართობი 177 კვ.მ-ია.

შენობა ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 54-ში, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისი განთავსდება /20,09.2020

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ტენდერი გამოცხადებული აქვს, სადაც წინადადების მიღება 29 სექტემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

ბათუმი, მაზნიაშვილის ქუჩა 54 / შენობის ფასადი რეაბილიტაციის შემდეგ / ფოტო პროექტიდან

შენობის სარეაბილიტაციო პროექტის განმარტებითი ბარათი: „ქალაქ ბათუმში მაზნიაშვილის N54-ში არსებული შენობა მდებარეობს ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში, რომელსაც ექსპლოატაციაში გადაცემიდან დღემდე არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღნიშნული შენობა საჭიროებს კონსტრუქციულ გამაგრებებს… ოთახების განლაგება მოეწყო დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. სახურავზე ასასვლელი კიბე და სახურავის ოთახი პროექტის მიხედვით. სახურავზე მოეწყოს ლითონის კონსტრუქციებისაგან დეკორატიული ხეივანი. შეიცვალოს შენობის კარ-ფანჯრები მთლიანად, მოეწყოს ალუმინის კარ-ფანჯრები… მოეწყოს ელექტროსისტემა და გათბობა-გაგრილების სისტემა პროექტის მიხედვით… ყველა პრობლემატური საკითხი, ასევე სავარაუდო ცვლილება, მშენებლობის ორგანიზაციის მხრიდან შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com