მთავარი,სიახლეები

„კონსერვატორების“ კანდიდატი ბათუმში „ოცნების“ ფრაქციის უფროსია -„სატელიტები არ ვართ“

15.09.2020 • 1457
„კონსერვატორების“ კანდიდატი ბათუმში „ოცნების“ ფრაქციის უფროსია -„სატელიტები არ ვართ“

„კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, დღეს, 15 სექტემბერს, ნატალია ძიძიგური დაასახელა. ნატალია ძიძიგური ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეა.

გასული წლის ნოემბერში „კონსერვატორებმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ. ამჯერად „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და შვიდ მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი ჰყავს.

„მე საკრებულოში ვპოზიციონირებდი ყოველთვის, როგორც კონსერვატორი, ფრაქციულობა პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უშლის ხელს… „კონსერვატორებმა“ დატოვეს უმრავლესობა, მაგრამ შემდეგ შიდაპარტიული მოლაპარაკება ჩატარდა, ეს გავიარეთ და მე ზვიადის გვერდით დავრჩი, „კონსერვატიული პარტია“ არ მიმიტოვებია,“ – გვითხრა ნატალია ძიძიგურმა. მას ვკითხეთ, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, როცა ფრაქციაში „ქართული ოცნების“ კვოტით შესულ წევრებთან ერთადაა და ამ დრომდე ფრაქციის სახელწოდება მარტივი გზავნილის შემცველია: „ქართული ოცნება კონსერვატორები“. მათ ერთიანი პოლიტიკური ხედვები აქვთ.

„მე შევედი საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით, მაგრამ „კონსერვატორების“ კვოტით…“ – დასძინა ნატალია ძიძიგურმა.

რატომ იყო აუცილებელი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთ ფრაქციაში ყოფნა, თუკი „კონსერვატორები“ ამ პოლიტიკურ ძალას გაემიჯნენ? – ამ კითხვას ნატალია ძიძიგურმა კონკრეტულად არ უპასუხა. „ეს ტექნიკური საკითხია, ჩვენ გავივლით ამას ფრაქციულად…“ – გვიპასუხა მან. დეპუტატობის კანდიდატმა ვერ დაგვიკონკრეტა, რა იყო ეს ტექნიკური საკითხი, რამაც ნატალია ძიძიგურს დამოუკიდებლობაში ხელი შეუშალა.

„ქართულ ოცნებასთან“ ერთ ფრაქციაში ყოფნა ხომ არ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ფრაქციის წევრებს და, მათ შორის, ნატალია ძიძიგურს დამატებითი ფინანსური სარგებელი მიეღო საკრებულოს რიგითი წევრისგან განსხვავებით? – ესეც ვკითხეთ „კონსერვატორების“ დეპუტატობის კანდიდატს.

„კონსერვატორებისთვის“ არასდროს ყოფილა ფინანსური თემა მთავარი, ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია,“ – გვიპასუხა ნატალია ძიძიგურმა.

რატომ იყო ეფექტური ფრაქციის შენარჩუნება და რა ღირებულება დაიცვეს ამით „კონსერვატორებმა“? – ნატალია ძიძიგურმა გვითხრა, რომ თბილისიდან ბათუმში ბრუნდება, გზაშია და ჩვენი ხმა ცუდად ესმის.

„არანაირი სატელიტები არ გამოვდივართ, ჩვენ ჩვენი კამპანია გვაქვს და გეგმები… „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არც კონფლიქტი გვაქვს და არც არაფერი. არ გამოვრიცხავთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციური მთავრობის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზვიად ძიძიგური, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე. ის ვერ ხედავს პრობლემას, როცა მისი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იმავდროულად ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებასაც“ წარმოადგენს.

„ამომრჩევლისთვის საიდუმლო ხომ არ არის ის, რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით და ვთანამშრომლობდით ყველაფერში, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებთ – კარგზეც, შეცდომებზეც… პარტიას არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ ფრაქციები უნდა დაშლილიყო თვითმმართველობების დონეზე,“ – გვითხრა ზვიად ძიძიგურმა. ნატალია ძიძიგურის მსგავსად, ვერც მან ვერ დაგვისაბუთა, რატომ იყო საჭირო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ფრაქციაში დარჩენა, თუკი „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ.

როგორ გაიგოს ამომრჩეველმა ბათუმში, ნატალია ძიძიგური „კონსერვატორების“ კანდიდატია, თუ „ქართულ ოცნებას“? – ესეც ვკითხეთ ზვიად ძიძიგურს.

„ამაზე ნუ ინერვიულებთ… ფრაქცია ჩვენ გვაქვს ყველა რაიონში, ზოგან ჩვენი რესურსით, ზოგან – სხვებთან ერთად, ამაში მე რამე განსაკუთრებულს და პოლიტიკურ ტრაგედიას ვერ ვხედავ,“ – დაგვემშვიდობა ზვიად ძიძიგური.

____

მთავარი ფოტო: ზვიად ძიძიგური და ნატალია ძიძიგური

გადაბეჭდვის წესი


ასევე: