აჭარის მაღალმთიანეთში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. მიზეზი ხულოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა.
“დისტანციურად დაიწყება სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან. განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზადაა საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება ერთიანად, პირველი ოქტომბრიდან,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე მზად აქვს სასწავლო წიგნები სკოლებისათვის და ბუკები პირველკლასელებისთვის.
საქართველოს დიდ ქალაქებში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში პირველ ოქტომბრამდე სწავლის გადადების შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გადაწყვეტილება ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.
სწავლა საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო