მთავარი,სიახლეები

„ეს შშმ პირების შეურაცხყოფაა“ – უსარგებლო პანდუსი ინასარიძის ქუჩაზე ბათუმში

28.07.2020 • 3009
„ეს შშმ პირების შეურაცხყოფაა“ – უსარგებლო პანდუსი ინასარიძის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, ინასარიძის 13 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში გაკეთებული პანდუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.  პანდუსი იმდენად მაღალია, რომ მასზე ეტლით მოსარგებლე არათუ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებითაც კი ვერ შეძლებს გადაადგილებას.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „გერა გრუპმა“ ააშენა. კომპანიის მესაკუთრე გიორგი ქარცივაძე აღიარებს, რომ პანდუსი არ ვარგა, თუმცა თავს იმართლებს იმით, რომ პროექტი სხვამ გააკეთა, დამტკიცების დროს კი „30-მა კომპეტენტურმა ადამიანმა ნახა“ და პრობლემა მაინც ვერ შეამჩნიეს.

„აღმართია და ცუდად არის, რა თქმა უნდა, გაკეთებული, მაგრამ ეგ არ არის ერთი ადამიანის ბრალი. ხდება ხოლმე არქიტექტურაში პატარა შეცდომები, რაც მშენებლობების დასრულების შემდეგ ჩანს. ეს პანდუსიც მასე იყო. პროექტს მე ვერ შეცვლიდი, რადგან ეს ძვირი დამიჯდებოდა, ამიტომ, როგორც დამტკიცდა, ისე გავაკეთეთ,“ – ამბობს გიორგი ქარცივაძე.

მშენებლის თქმით, აღნიშნული სახლი ძველი რეგულაციებით აშენდა, შესაბამისად, მაშინ არც პანდუსის გაკეთების ვალდებულება არსებობდა. „თუმცა პროექტის ავტორმა მაინც ჩადო და კარგი ქენი-თქო, შევაქეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა კარგი“,- ამბობს გიორგი ქარცივაძე.

პანდუსი ინასარიძის 13 ნომერში აშენებულ სახლზე. ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

შესაძლებელია თუ არა პანდუსის სტანდარტებში მოქცევა და აიღებს თუ არა ამ პასუხისმგებლობას კორპუსის მშენებელი? – როგორც გიორგი ქარცივაძე ამბობს, ეს პასუხისმგებლობა სახლის მცხოვრებლებმა უნდა აიღონ და არა კომპანიამ:

„პროექტს ვერ გადავაკეთებ, რადგან ძვირი დამიჯდება და თუ შეცვლი, მაშინ სახლს არ ჩაიბარებს მერია. ამიტომ, მე ხომ ვერ შევიქმნიდი პრობლემებს? მაშინ თავიდან არ უნდა დამტკიცებულიყო ასე. მაგრამ სახლის ჩაბარების შემდეგ მეზობლებს შეუძლიათ თავიდან გააკეთონ, საერთოდ არ იქნება პრობლემა, 10-10 ლარი დაუჯდებათ სადღაც.  ახლა სადაც ვცხოვრობ, იქაც არ იყო პანდუსი და მეზობლებმა ავაშენეთ. როცა მშენებლობა დამთავრდება, მერე მეზობლებმა ბევრი რამე უნდა გააკეთონ, კამერებია თუ ლიფტის ყურადღება და ა.შ“.

აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის  კონსულტანტის რამინ მაჭარაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ სამშენებლო კომპანიები არ აშენებენ ადაპტირებულ სახლებს და უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნები, აღმასრულებელი სტრუქტურების გულგრილობაზეც მეტყველებს.

„ეს იმის ბრალია, რომ არც მშენებელი, არც ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი უწყებები არ იცნობენ კანონმდებლობას, ან იცნობენ, მაგრამ შეგნებულად უგულებელყოფენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არამარტო შშმ თემის შეურაცხყოფაა, არამედ მათი უფლებების დარღვევა, რაც კანონმდებლობით დასჯადია. გააჩნია დარღვევის სიმძიმეს და ხარისხს,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

აღნიშნული პანდუსი აშენებულია მარჯვენა კორპუსში. პანდუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

მშენებლობის პროექტს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში ამტკიცებენ. რატომ არ ჰქონდათ მათ შენიშვნა და რატომ დაამტკიცეს პროექტი, სადაც პანდუსი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს? მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ რადგან ძველი პროექტია, არ ახსოვთ დარღვეულია თუ არა სტანდარტი, ამიტომ პროექტი უნდა ამოიღონ არქივიდან და შეისწავლონ.

გადაბეჭდვის წესი