მთავარი,სიახლეები

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ინგა შამილიშვილი ბსუ-ში რექტორის არჩევნებზე

15.07.2020
ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ინგა შამილიშვილი ბსუ-ში რექტორის არჩევნებზე

დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს. მისი ერთადერთი კონკურენტი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი იყო. ინგა შამილიშვილმა დღეს აკადემიური საბჭოს 11 წევრისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. ინგა შამილიშვილმა მიანიშნა, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტებს ამ რეჟიმში უპასუხა:

– ეს [არჩევნების შედეგი] პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

– რა თქმა უნდა.

– ვინ იღებს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?

– მოდით, ამაზე დავამთავროთ საუბარი. მე დღეს მიუღებელი ვიყავი უნივერსიტეტისთვის.

– რადგან ქართული ოცნების წევრი იყავით?

– არა, ამ შემთხევაში სხვა…

– თქვენ მინისტრი იყავით და თქვენი გათავისუფლება, ის ინციდენტი, რაც მაშინ მოხდა, ეს გახდა დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი?

– რა თქმა უნდა.

– ანუ მთავრობის თავმჯდომარის…

– მე არ ვაკონკრეტებ დანარჩენს. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები.

ინგა შამილიშვილმა თქვა, რომ ის წარმატებას უსურვებს დღეს არჩეულ რექტორს, მერაბ ხალვაშს, თავად კი უნივერსიტეტში აპირებს დარჩენას და საქმიანობის გაგრძელებას.

„მე ველოდი ამ შედეგს. მე რომ ამ ბრძოლაში შევდიოდი, იყო აბსოლუტურად გააზრებული. არანაირი ემოცია აქ არ იყო. ეს იყო პირდაპირ გააზრებული და ერთ რამეს ვიტყვი – ეს იყო შედეგი, რომელიც ვიცოდი, რომ დადგებოდა. არაფერს არ ვმალავ, იმიტომ, რომ დღეს, მე ალბათ უნივერსიტეტისთვის მიუღებელი კანდიდატურა ვიყავი. თუმცა კიდევ ერთ რამეს ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ლუსტრაცია ბევრი საკითხისა. საკითხების, რომლის ირგვლივაც მე კითხვითი ნიშნები მაქვს. ამიტომ მე ამ კითხვით ნიშნებს სხვა გარემოში დავსვამ. დიდი მადლობა აკადემიური საბჭოს თითოეულ წევრს იმისთვის, რომ მომისმინეს და მე არც ერთი მათგანისთვის არ მიმართავს და ხმის მოცემა არ მითხოვია. მე, პირველ რიგში, მათ არ ვაკადრებდი ამას, რადგან ყველაზე კარგად ისინი მიცნობენ. ამიტომ შედეგი არის ის, რაც უნდა დამდგარიყო“.

მერაბ ხალვაში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი იქნება 2024 წლის ივლისამდე. ის ერთხელ, ორი წლის ვადით ასრულებდა რექტორის მოვალეობას და ოთხი წლის ვადით იყო არჩეული რექტორი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: