განათლება,მთავარი,სიახლეები

მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]

27.06.2020 • 3295
მცირედმხედველი გოგო ჭარნალიდან, რომელიც პროგრამისტობას სწავლობს [ვიდეო]

თამილა საგინაძე 10 წლის იყო, როცა პირველად წავიდა სკოლაში. თავდაპირეველად მშობლებმა არ იცოდნენ, რომ მათ მცირედმხედველ შვილს განათლების მიღება სპეციალურ სკოლაში შეეძლო.

პატარა გოგოსთვის რთული იყო სოფლიდან, მშობლებისგან შორს ყოფნა მისთვის უცხო ქალაქში. ამბობს, რომ ეგონა სამუდამოდ იქ დატოვებდნენ. „როცა სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ და მიჰყავდათ, მე სკოლაში ვრჩებოდი. მეც მინდოდა, რომ მშობლებს ყოველ დღე წავეყვანე“, – გვეუბნება თამილა. მაშინ არ იცოდა, რომ მისი ოჯახი სკოლიდან ძალიან შორს ცხოვრობდა და თბილისიდან სოფელში მშობლებს მისი ყოველდღე ტარება არ შეეძლოთ.

თუმცა არ ნანობს, რომ წავიდა. ამბობს, რომ სკოლამ მისცა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ცხოვრების.

სკოლის დასრულების შემდეგ თამილამ სწავლა პროფესიულ კოლეჯში გააგრძელა, სადაც კომპიუტერულ პროგრამებს სწავლობს. „შშმ პირისთვის აქაც რთულია სწავლა, რადგან ბრაილის შრიფტით არ არის მასალები. ლექტორებს, ასისტენტებს დიქტოფონით უნდა სდიო, რომ მასალა მოგაწოდონ და მეორე დღეს  უთხრა, თუ რა გაიგე ან ისწავლე“, – ამბობს თამილა. მისი აზრით, კოლეჯებში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული რესურსები, რომ  უკეთ შეძლონ უსინათლო ადამიანებმა განათლების მიღება.

მცირედმხედველი თამილა საგინაძე კომპიუტერულ პროგრამებს ხმოვანი პროგრამების საშუალებით სწავლობს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მე მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობ, ჩემ შემდეგ სხვებიც იქნებიან მსურველები, ვინც ან მუსიკალურში გააგრძელებს სწავლას, ან სხვაგან და მათ უნდა ჰქონდეთ განათლების შესაძლებლობა უკეთეს გარემოში“, – გვეუბნება ის.

თამილა წუხს, რომ საკუთარი პერსონალური კომპიუტერი არ აქვს. ამბობს, რომ ეს ძალიან დაეხმარებოდა პროფესიული უნარების განვითარებაში, რადგან არსებობს სპეციალური ხმოვანი პროგრამები უსინათლოთათვის, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია იმუშავო – სხვის კომპიუტერში გააკეთო ის, რასაც დამკვეთი მოითხოვს.

„შეგიძლია დაუფორმატო კომპიუტერი, წაუშალო დაზიანებული ფაილები, აღუდგინო, ბევრი რამ გააკეთო. კარგი იქნებოდა, რომ ჩემი კომპიუტერი მქონდეს“, – გვეუბნება ის.

თამილა სკოლაში სწავლის პერიოდში ჩართული იყო გერმანულ-პოლონურ პროექტში, სადაც ეგრეთ წოდებული თეთრი ხელჯოხის გამოყენება ისწავლა. სწორედ ეს ეხმარება მას უცხო გარემოში ადვილად გადაადგილებაში. თამილას სურს თავისი ცოდნა სხვა უსინათლო და მცირედმხედველ ადამიანებსაც გაუზიაროს. „დაგეგმილი მქონდა ტრენინგები აჭარაშიც, მაგრამ  კორონავირუსის პანდემიის გამო ხელი შემეშალა“, – ამბობს თამილა.

თამილას ახლა ყველაზე მეტად პერსონალური კომპიუტერი სჭირდება, პროგრამირება უკეთ რომ შეისწავლოს.

კომპიუტერული მეცნიერების გარდა, თამილას სხვა გატაცებაც აქვს, – მუსიკა. ხალხურ სიმღერებსაც სწავლობს და თავისი უნარებით უკვე უცხოელებიც დააინტერესა.

„უკრაინაში სიმღერის ჩაწერა შემომთავაზეს, პოლონეთში, ბაქოშიც ვიყავით მიწვეული, მაისში რუმინეთში  უნდა წავსულიყავი ფესტივალზე, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა პანდემიის გამო“, – ამბობს თამილა.

მას შემდეგ, რაც სასწავლებლები დაიხურა, რეპეტიციებზე არ ყოფილა და იმედოვნებს, რომ სექტემბერში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.

„ხალხური სიმღერების სასწავლებელში რომ მივედი, კითხვა გაუჩნდათ, როგორ უნდა ვასწავლოთო. პირველად ჰყავდათ უსინათლო მოსწავლე  და დაბნეულები იყვნენ. ვცდილობდი, თავად მეზრუნა მეთოდზე და ვკარნახობდი, როგორ უნდა დამხმარებოდნენ. საქართველოში ბევრი რამეა არაადაპტირებული და რა გასაკვირია, რომ არც კოლეჯი და არც ეს სასწავლებელია შშმ პირებისთვის ადაპტირებული“, – ამბობს თამილა.

თამილა რამდენიმე ქვეყანაში იყო მიწვეული, თუმცა პანდემიის გამო წასვლა ვეღარ შეძლო

თამილას კიდევ ერთი სურვილი აქვს, უნდა რომელიმე გაცვლით პროგრამაში მოხვდეს და აშშ წავიდეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. „როგორც ამბობენ, ამერიკა ძალიან ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და უსინათლო ადამიანებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება. მინდა ეს ინფრასტრუქტურა ვნახო და გამოცდილება აქ გადმოვიტანო.

ჩვენს რაიონში არც კი მიცნობენ, მაშინ, როცა სხვაგან უფრო იციან ჩემ შესახებ. მინდა სოფელში გზა გააკეთონ, რომ ტრანსპორტი მოძრაობდეს და სასწავლებელში წასვლა შევძლო. ერთი სოფლიდან მეორეში უნდა გადახვიდე, რომ ბათუმში ჩახვიდე ან კოლეჯში მიხვიდე. ეს ძალიან რთულია“, – ამბობს თამილა.

როგორც თამილა ამბობს, მისი მიზანი არა მარტო საკუთარი უფლებებისთვის, სხვა უსინათლო ადამიანებისთვის ზრუნვაცაა. გვიყვება მისი მიზნების თუ გამოცდილების შესახებ და თავის საყვარელ სიმღერებსაც იხსენებს. იმედი აქვს, რომ ერთ დღეს, დაბრკოლებებისა და რთული გარემოს მიუხედავად, კარგი პროგრამისტი გახდება და საკუთარ ალბომზეც იფიქრებს.

ვიდეო:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2684077778500782/?v=2684077778500782

გადაბეჭდვის წესი