„სამწუხაროთ, 50 წლისა რომ გავხდი, მერე შეუდექი მოგონებების წერვას: ისიც ელისაბედ ჩერქეზიშვილმა დამარიგა… შენ კარგი ხმა გაქსო, დიდხანს იმღერებო და რაც კარგი რამ გადაგხდეს მუშაობის ირგვლივ დაწერე და შეინახეო“- ასე იწყება პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის 1909-1968 წლების მოგონებები.

მარო თარხნიშვილმა „რაც მუშაობის ირგვლივ გადახდა“ მართლაც დაწერა და შეინახა, მაგრამ ამ ტექსტის სრული ვერსია მკითხველთა ფართო წრისთვის მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა ხელმისაწვდომი. ორასგვერდიანი მოგონებები საქართველოს ეროვნულმა არქივმა წიგნად 2016 წელს გამოსცა, ნინო ბადაშვილის წინასიტყვაობითა და კომენტარებით.

მარო თარხნიშვილი საქართველოში მეფის რუსეთის ეპოქის, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა და გასაბჭოების მომსწრე იყო. ტექსტში სამივე ეპოქის აქამდე უცნობი ამბებია გადმოცემული, განსაკუთრებით საინტერესოდ კი პირველი რესპუბლიკის წლებია აღწერილი.

13-14 წლის მარო შეძლებულ თავადიშვილ, დიმიტრი თარხან-მოურავზე დაუქორწინებიათ.

ნინო ბადაშვილის წერილი, რომელიც თან ერთვის „მოგონებებს“, ვრცლად მიმოიხილავს მარო თარხნიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.

მაგალითად:

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, კონცერტის შემდეგ, ქართულ კლუბში გამართულ ბანკეტზე ოპერის მომღერლებთან, ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად მარო და მისი გუნდიც მიუწვევიათ. ბანკეტზე თამადა ნოე ჟორდანია იყო, როგორც მარო წერს „დუხავოი ორკესტრზედ ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა“. ქაქუცას მაროსთან ერთად უცეკვია ბანკეტზე, მერე „მთელი ჯარის უფროსს“ გაუწვევია მარო წრეზე, რაზეც მეუღლე, დიმიტრი თარხან-მოურავი განაწყენებულა, შუბლი შეუკრავს და უსიამოვნოდ გამხდარა. „იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზე იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით,“ – წერს მარო თარხნიშვილი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის დასასრულზე.

მარო თარხნიშვილი, პირველი ქართველი ლოტბარი ქალი/საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

მარო აღწერს გორის მიწისძვრას, რომელმაც ქალაქის შენობების უმრავლესობა დაანგრია, მათ შორის, მაროს სახლ-კარიც. ის კირიონ კათალიკოსის 1917 წლის აღსაყდრების დღესაც იხსენებს, სანახაობას, რომელმაც მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დღეს მარო თარხნიშვილმა სამთავროს მონასტერში „მრავალჟამიერი“ და „შენ ხარ ვენახი“ შეასრულა.

საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

მოგონებებში ლოტბარი ქალი იხსენებს გასტროლების, კონცერტების ამბებსაც და ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის მაშინდელი ინტელიგენციის შესახებ. მარო თარხნიშვილისა და მისი მომღერალთა გუნდის კონცერტების აფიშებით სავსე იყო მეოცე საუკუნის 20-30-40-იან წლებში საკონცერტო დარბაზები და კლუბები.

საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

თარხნიშვილის მოგონებები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მადლიერებით სრულდება:

„მივაღწიე საბჭოთა ხელისუფლებამდე და შვილებიც წამოიზარდნენ, აი, ცოტა გავიშალე წელში. დღეს ვმუშაობ ადგილმრეწველობის კულტ. სახლში ვოკალური ჯგუფის ხელმძღვანელად, მადლობა პარტიას და ხელისუფლებას, რომ იციან ამაგის დაფასება მშრომელი ხალხისა“.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ დახვრიტეს მარო თარხნიშვილის მეუღლე. ამ პერიოდს ის საერთოდ არ ახსენებს მემუარებში.

მარო თარხნიშვილი და მისი მეუღლე, დიმიტრი თარხან-მოურავი 1905 წელს/საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

„გარეწარი“ – წერს ის ლავრენტი ბერიაზე, რომელიც სავარაუდოდ მაროს მეუღლის დახვრეტის ინიციატორი უნდა ყოფილიყო. ეს ერთადერთი ზედსართავი მიანიშნებს მის ნამდვილ განწყობაზე საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

1937 წელს მარო ბერიამ კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, ლოტბარი შვილებთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა და ახალი ბინა ითხოვა, მალე 11-სართულიან კორპუსში მას მეოთხე სართულზე საცხოვრებელი გადასცეს. „სტალინმა დამავალა ესაო“ – უთქვამს ბერიას მაროსთვის. როგორც მოგონებებიდან ირკვევა, მაროს შესრულებით ქართული ხალხური სიმღერების ფირფიტებს ინახავდა სტალინი.

„ოჯახის პატრონი, მარტოხელა ქალი სამი შვილით“ – ასე იხსენიებს საკუთარ თავს მარო თარხნიშვილი, რომელიც  დილით ოთხ სკოლაში ასწავლიდა სიმღერებს, საღამოობით კი კლუბებსა და თეატრებში კონცერტებსაც „აძლევდა“.

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version