მთავარი,სიახლეები

მდინარიდან ჯაჭვით თათებშეკრული ძაღლი ამოიყვანეს

26.06.2020
მდინარიდან ჯაჭვით თათებშეკრული ძაღლი ამოიყვანეს

ბათუმთან ახლოს, სოფელ მახოში დღეს მდინარეში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თათებზე და კისერზე ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძაღლს ვერ ეცურა.

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი გადაარჩინა კაცმა, რომელმაც 112-ში დარეკა. ძაღლი თავშესაფარ „აიბოლიტში” გადაიყვანეს, მოხსნეს ჯაჭვები და დროებით, გამოჯანმრთელებამდე, თავშესაფარში დარჩება.

ცხოველთა თავშესაფარ „აიბოლიტის” წარმომადგენელი, ჯემალ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშაობის განმავლობაში არ ახსენდება ცხოველის მიმართ გამოჩენილი მსგავსი სისასტიკე:

„ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს საყელურის ჯაჭვი იყო თუ სპეციალურად შეკრული, თუმცა კაცმა, რომელმაც ძაღლი მოიყვანა, თქვა, რომ ამოყვანისას ძაღლი სპეციალურად ასე შეკრულს ჰგავდა. ისე მაგრად იყო მოჭერილი, ჯაჭვი ძვლამდე იყო ჩასული“.

მან გვითხრა, რომ ძაღლს ფეხი აქვს დაზიანებული, მაგრამ მალე მორჩება და გავლას შეძლებს.

მისივე თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პატრონი საკუთარ ძაღლს ქუჩაში აგდებს.  „პანდემიის პირობებში შევნიშნეთ, რომ განსაკუთრებით გაიზარდა ჯიშიანი ძაღლების, ჰასკების რაოდენობა ქუჩაში, როცა საკუთარ ძაღლს ქუჩაში აგდებ, ეს საშინელი უპასუხისმგებლობაა, არ შეიძლება ასე“ – ამბობს ჯემალ გოგიტიძე.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა ან გამოძიება. სამინისტროს პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

______________

ფოტოზე: კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: