მთავარი,სიახლეები

შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

26.06.2020 • 2203
შეთანხმდება თუ ვერა ოპოზიცია აჭარაში ერთიან კანდიდატებზე – არჩევნები 2020

შეთანხმდება თუ ვერ ოპოზიცია ბათუმში ერთიან კანდიდატებზე 2020 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? – დაზუსტებული პასუხი ამ კითხვაზე აჭარაში ჯერ არცერთ პარტიაში არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თბილისის შემთხვევაში უკვე გადაწყდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ბათუმში არჩევნების ჩატარების ფორმა უფრო აინტერესებთ.

ოპოზიციაში არ მოსწონთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის მიერ 25 ივნისს ბრიფინგზე გაჟღერებული შეთავაზება შერეულ სისტემაზე, რაც 18 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო სამის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა, თუ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დააყენებდნენ კენჭისყრაზე, რადგან ეს მოდელი ყველა წესის დაცვით აქვთ განხილული.

„სწორედ ამაზე გვქონდა კონსულტაციები, მოლაპარაკებები და შემდეგ სახალხო განხილვებიც ჩატარდა. ახლა კი გაბაიძეს ასე მარტივად უნდა, რომ 18/3-ზე მიიღოს, რაც არარეალურია. ეს უკანონო იქნება, რადგან ყველა პროცედურა, რაც ამ დრომდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა, გულისხმობდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას“, – ამბობს გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.

ის გულისხმობს გასულ წელს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეთანხმებით მომზადებულ  საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. გასულ წელს ამ პროექტმა გაიარა სახალხო განხილვა და შემდეგ უმაღლესი საბჭოს საკომიტეტო მოსმენები. თუმცა პლენარულ სხდომაზე საკითხი არ გავიდა, რადგან საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ პროპორციული არჩევნების საკითხი ჩააგდო.

ამის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობდა, რომ მათი გადაწყვეტილება ცენტრში მიღებული გადაწყვეტილების იდენტური უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ რეგიონში ერთიანი კანდიდატურის წარდგენას, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში კონსულტაციები მიდის, როგორც თბილისში, ისე ადგილობრივ დონეზე, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ  აჭარაში ოპოზიციური პარტიებს თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ: „უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გვაქვს და ყველა პარტია შეეცდება, მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს“.

ამ შემთხვევაში შესაძლოა განიხილონ ერთმანეთის მხარდაჭერა მეორე ტურში.

შეთანხმების იდეას ცალსახად ემხრობიან „რესპუბლიკელები“ და „ევროპული საქართველო“, თუმცა არჩევნების ჩატარების ფორმა მათთვისაც კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას.

„ახლა გავიგე, რომ უმაღლესი საბჭო აპირებს შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები არ გვქონია. მას შემდეგ, რაც თითქოს ურჩმა დეპუტატებმა ეს საკითხი ჩააგდეს საქართველოს პარლამენტში, აქაც მიივიწყეს და მიაფუჩეჩეს ეს თემა. თუ ეს სიტემა დარჩა, ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ დააყენოს კონკურენტუნარიანი კანდიდატი. ჩვენ დავუჭერთ მხარს საუკეთესო ვარიანტს“, – ამბობს „რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმღვანელი ირაკლი ჩავლეიშვილი.

თითქმის იგივე პოზიცია აქვს პარტია „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, პეტრე ზამბახიძეს: „ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატებით უნდა შეძლოს მოიპოვოს უმრავლესობა და შემდეგ უკვე ხელისუფლება გაუშვას ოპოზიციაში. ამ მიმართულებით ჯერ ცენტრალურ დონეზე მუშაობენ“.

პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებთან“ არ ადასტურებს, რომ „ევროპული საქართველო“ თავის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს „ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს“ ტარიელ ნაკაიძეს. „ჯერ კვოტირება უნდა განისაზღვროს, რომ კანდიდატებზე ვიმსჯელოთ“, – გვითხრა მან.

გაერთიანების აუცილებლობაზე  მკვეთრი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“.

„ლელოს“ ლიდერი აჭარაში, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ამ დრომდე ოპოზიციაში ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. „ჩვენ ველოდით, თუ როგორ გადაწყდებოდა მაჟორიტარული და პროპორციული თანაფარდობა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ აირჩია ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება – 18/3-ზე პროპორციით. ამას ჯობდა 15/6-ზე, ან 21/0-ზე. შემოთავაზებული პრინციპით გვეყოლება 6 მაჟორიტარი კანდიდატი – სამი უმაღლეს საბჭოში და სამი პარლამენტში. ვფიქრობ, რადგან ჯერ მოლაპარაკება არ დაწყებულა, ამაზე საუბარი ნაადრევია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მისაღები კანდიდატი ეყოლება სხვა ფლანგს“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

გადაწყვეტილებას კონსულტაციების  შემდეგ მიიღებს ალეკო ელისაშვილის „სამოქალქო მოძრაობაც“. მათ პარტიად დარეგისტრირებაზე განაცხადი უკვე შეიტანეს და არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავენ. ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, გენრი დოლიძის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნებათ და შემდეგ გადაწყვეტენ, შეჯერდებიან თუ არა კანდიდატებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: