მთავარი,სიახლეები

თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

03.06.2020 •
თურქეთის მოქალაქე, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა – ადვოკატი

ბათუმში დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს გაიმართა.

სპეცოპერაცია ბათუმში გუშინ ჩატარდა და გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების მუხლებით, თუმცა ადვოკატი დავით მოდებაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულებისთვის გამოძიებას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში არ წარუდგენია. ცხრავე დაკავებულს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, რასაც ბრალდებულები აღიარებენ. ისინი 2019 წელს შემოვიდნენ ბათუმში. ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

„ტერორიზმი გამორიცხეთ“ – ხაზგასმით ამბობს ადვოკატი დავით მოდებაძე, რომელსაც  ვკითხეთ, რატომაა გასაიდუმლოებული საქმის მასალები და რატომ მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის პირობაზე ბრალდებულებს და ადვოკატებს. ადვოკატმა გვითხრა, რომ სწორედ ამ პირობის გამო საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს და ვერც იმას გვეტყვის, რას საქმიანობდნენ ბრალდებულები ბათუმში, ან რატომ მოუწიათ უკანონოდ საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსასვლელად.

სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა: „… საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი“. საუბარია იმ სახლებზე, სადაც ბრალდებულები დააკავეს. ადვოკატის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სულ სამი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ამ ნაწილზე საუბარი დღევანდელ პროცესზე საერთოდ არ ყოფილა და გამოძიება ჯერ კონკრეტულ შედეგზე გასული არ არის.

ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ ბრალდებულს საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი. „პანდემიის გამო ვერ მოხერხდა იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა, რომელიც მანამდე ჩანიშნული იყო,“ – აღნიშნა დავით მოდებაძემ. ადვოკატმა თქვა, რომ საუბარი ამ ნაწილზეც აკრძალულია.

გამოძიებას სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: