მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

იოგა კარანტინის დროს – სპეციალისტის რჩევები [ვიდეო]

24.04.2020 • 3700
იოგა კარანტინის დროს – სპეციალისტის რჩევები [ვიდეო]

ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სოციალური დისტანცია დაიცვას და სახლში დარჩეს, სხეულისა და გონების სიჯანსაღის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად ბევრი იოგას მიიჩნევს, რომელიც იოგის ინსტრუქტორის, მარიკა ჩხიკვაძის განმარტებით, სწორედ ფიზიკური, სულიერი და გონებრივი პრაქტიკის, ვარჯიშების ერთობლიობაა.

მარიკა ირლანდიაში, უსახლკარო ადამიანებთან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოხალისედ მუშაობს და პანდემიის დაწყებამდე მსურველებს იოგას გაკვეთილებსაც უტარებდა. ახლა კი, საყოველთაო კარანტინის გამო, მან გადაწყვიტა ქართულ ენაზე ჩაწეროს ვიდეო გაკვეთილები.

  • მარიკა, რა არის იოგა, რას ემსახურება ის?

სიტყვა „იოგა“ ნიშნავს კავშირს, რომელიც გულისხმობს კავშირს სხეულსა და გონებას შორის. როგორც ძველ ინდოეთში, იოგას ახლაც ბევრი განშტოება აქვს, თუმცა დასავლეთში შემოაღწია უმეტესად მხოლოდ ჰატჰა იოგამ (ფსიქოფიზიკური ტექნიკა) და იოგამ, როგორც ფიზიკურმა ვარჯიშმა, რომელიც გულისხმობს პოზების შესრულებას. თუ როგორ მიუდგება იოგას პრაქტიკას, ინდივიდზეა დამოკიდებული. შეგვიძლია აღვიქვათ როგორც განტვირთვის საშუალება, ვარჯიში, საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენა; ან პირიქით – მივმართოთ იოგას ფიქრებისგან გასათავისუფლებლად, სხეულის შესაგრძნობად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სულიერი სიმშვიდისთვის, საკუთარი თავის თუ სხეულის შესაგრძნობად და ა.შ.

  • შენს გამოცდილებაზე მოგვიყევი, როდის და როგორ დაინტერესდი იოგით?

იოგით აქტიურად 2017 წელს ჩინეთში დავინტერესდი, როცა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადავწყვიტე რაიმე სახის ვარჯიში სახლიდან გაუსვლელად დამეწყო. ვგრძნობდი, რომ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობდი სხეულს, ჩემი სხეული მოუქნელი იყო, კუნთები კი მოდუნებული. ამ დროს მეგობარმა მირჩია სახლში იუთუბის ვიდეოებით მეცადა იოგის კეთება. იქიდან მოყოლებული სახლში თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი, ძალიან მონდომებული ვიყავი და რაც არ უნდა მომხდარიყო, დღეში 30-60 წუთს მაინც ვუთმობდი იოგას. წონაში მომატებული ვიყავი და თავიდან, წინ დახრისას ხელებს ვერ ვაწვდენდი იატაკს, მაგრამ კვირიდან-კვირამდე პროგრესი აშკარა იყო. ნელ-ნელა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყო, დავიცალე ნეგატივისგან, გამიქრა სურვილი ადამიანები მეკრიტიკებინა, აღმოვაჩინე სიმშვიდე, რომელიც ყველგან არის სამყაროში; ვისწავლე, როგორ მოვუსმინო გარემოს და ადამიანებს, იოგა ჩემთვის გახდა უსასრულო ამოცანა, რომელსაც შეუძლია გვასწავლოს გზა ჩვენს საკუთარ თავთან ყოფნით, თითქოს ჩვენი ცნობიერი უკიდეგანო ოკეანეა და არ გააჩნია ფსკერი, შეგვიძლია ვყვინთოთ უსასრულოდ.

თუმცა არ არის აუცილებელი იოგა ყველასთვის მეტაფიზიკური განცდა იყოს, ის იქნება თქვენთვის ის, რასაც თქვენ მოისურვებთ.

საბოლოოდ, ინდოეთში, ქალაქ რიშიკეშში, იქ სადაც ჯგუფი „ბითლზი“ ეძებდა სულიერებას, იოგას ტრენინგკურსი გავიარე და გამოცდის შემდეგ იოგა ალიანსთან რეგისტრირებული სერტიფიკატი ავიღე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და რთული თვე ჩემს ცხოვრებაში, მკაცრი ასკეტური გრაფიკი კვირაში ერთი დღე დასვენებით.

  • როგორ მუშაობს იოგა, რაში გვეხმარება?

იოგაში დიდი ყურადღება ეთმობა სუნთქვას, შესაბამისად სხეულს მიეწოდება მეტი ჟანგბადი, რაც გვეხმარება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის მუშაობას, ტვინის ფუნქციას, კონცენტრაციას, ხელს უწყობს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ტკივილებს, ასწორებს ხერხემალს, აძლიერებს კუნთებს და ეხმარება სახსრებს, ასევე არეგულირებს წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას… ალბათ ვერც ერთ პასუხში ვერ დავატევ, როგორი სასარგებლოა იოგა ჯანმრთელობისთვის.

  •  ვის შეუძლია აკეთოს იოგა, აქვს თუ არა რაიმე შეზღუდვა ჯანმრთელობის, წონის ან ასაკის მხრივ?

იოგა შეუძლია აკეთოს ყველამ ასაკის სქესისა თუ წონის მიუხედავად, თუმცა სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ტრავმა აქვთ მიღებული. უნდა დავიმახსოვროთ, რომ იოგა არასოდეს არ უნდა იყოს მტკივნეული, ვაკეთებთ ყველა პოზას მხოლოდ ჩვენი სხეულის შესაძლებლობების ფარგლებში, შედეგი კი გაწეული შრომით და მონდომებით ყველასთვის ინდივიდუალურ დროში დაიდება, რადგანაც ყველას სხვადასხვა ფიზიკური შესაძლებლობები გვაქვს. ასევე, გულის პრობლემების შემთხვევაში, არის რამდენიმე პოზა, რომელიც არ იქნება რეკომენდებული, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ექიმის თანხმობით უნდა გაგრძელდეს ვარჯიში. ასაკოვანი ხალხისთვისაც ვარჯიში უნდა მოერგოთ მათ ინდივიდუალურად, თითქმის ყველა იოგას პოზას აქვს თავისი მარტივი ვარიაცია.

  • რა დრო უნდა დაუთმოს ადამიანმა ამ პრაქტიკას, რა სიხშირითა და ინტენსივობით აქვს იოგას შედეგი?

ინტენსივობა და სიხშირე ისევ დამოკიდებულია ინდივიდზე, რა სურთ, რომ მიიღონ იოგას ვარჯიშებით. თუ დრო და სურვილი არის, რა თქმა უნდა, ყოველდღე ვარჯიში იდეალურია კვირაში ერთხელ დასვენებით, ინტენსივობაც დამოკიდებულია ინდივიდზე, თუმცა თუ თქვენ მხოლოდ კვირაში ერთხელ გაქვთ დრო, ესეც მოგიტანთ სარგებელს.

დამწყებებს შეუძლიათ ყოველდღე აკეთონ ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა გაზარდონ ინტენსივობა და სირთულე სურვილის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ და თანდათანობით. იოგას თითოეული ვარჯიში შეიძლება იყოს 10-დან 90 წუთამდე. ასევე შეიძლება გაკეთდეს კომბინაცია, დილის იოგა 10 წუთი ან მეტი, დღისით 30 წუთი ან მეტი, და ძილის წინ 15 წუთი ან მეტი.

➡️ ვიდეო: დილის იოგა ლოგინში დამწყებთათვის 10 წთ

  • რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც კარანტინის პირობებში ბინიდან ვერ გამოდიან და სურთ იოგით დაკავდნენ – როგორ შეიქმნან გარემო, განწყობა…

კარანტინი ძალიან კარგი დროა იოგის დაწყებისთვის. ჩემთვის იოგა არის უნივერსალური, რა თქმა უნდა თუ გარშემო ხმაური არ არის; მარტო ხართ ოთახში ან  ბუნებაში – მაგას რა ჯობია, კონცენტრაციაში დაგვეხმარება, თუმცა ბევრს არ აქვს საშუალება განმარტოვდეს  და ყველა ოჯახის წევრი გააჩუმოს, მაგრამ არ დანებდეთ და არ მისცეთ საშუალება ამან შეგაჩეროთ.

მოუსმინეთ საკუთარ სუნთქვას ვარჯიშის დროს და კონცენტრირდით თქვენს სხეულზე, პირიქით,სირთულეები და მათი დაძლევა გვაძლიერებს და გვაწრთობს. იდეალურ შემთხვევაში დაგჭირდებათ იოგას სავარჯიშო დასაგები (ლეიბი). შეეცადეთ დაფიქრდეთ წინასწარ, რა არის თქვენთვის იოგა, თუ გიჭირთ კონცენტრაცია ყოველი ვარჯიშის წინ გაიფიქრეთ ერთი წინადადება რომელსაც შეუძლია გაგამხნევოთ, ან თქვენთვის რელევანტურია, მაგალითად: „მე შევძლებ…“, „მე გავივლი ამ გზას“, „მე მიყვარს ჩემი სხეული“, „ეს ყველაფერი გაივლის“ და ა.შ.

როგორც ვახსენე, დამწყებებმა უნდა დაიწყონ მცირე ინტენსივობით ხანმოკლე ვარჯიშებით და დროთა განმავლობაში მოუმატონ. ჩემი არხიც და ვიდეოებიც ამაზე მაქვს მორგებული. სულაც არ არის აუცილებელი ყველამ ერთსაათიანი რთული პოზები ვაკეთოთ, არც განვითარებაა აუცილებელი, მთავარია გზა, რომელსაც გაივლით და თქვენს თავზე ზრუნვა.

ყოველი დღე ჩვენი თავები  გადაჭედილია ფიქრებით, რა ვიშოვო, როგორ გავმდიდრდე, როგორ ვაჯობო სხვას, ვდარდობთ მომავალზე, ვწუხვართ წარსულზე და გვავიწყდება „ახლა“. იოგა შეიძლება იყოს ის სივრცე, სადაც ვიქნებით საკუთარი თავი,  რომელიც არსებობს ყოველდღიური საფიქრალისა და ჩვენი ცხოვრებისეული გარემოებების მიღმა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ვარჯიშს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: