მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პანდემიამ სათბური გაზები შეამცირა, მაგრამ ეს დროებითია – კლიმატის ცვლილება

22.04.2020 • 2108
პანდემიამ სათბური გაზები შეამცირა, მაგრამ ეს დროებითია – კლიმატის ცვლილება

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), დედამიწის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა სათბური გაზების გამოფრქვევის დროებითი შემცირება გამოიწვია, მაგრამ ის ვერ იქნება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საჭირო სტრატეგიის შემცვლელი.

„ჩვენ გვჭირდება იგივე თავდადება და ერთობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად კაცობრიობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არა მხოლოდ უახლოესი კვირებსა და თვეებისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერ ტაალასმა.

ჩვენს პლანეტაზე კლიმატის ცვლილებისა და გავლენის ფიზიკურმა ნიშნებმა ტემპი აკრიფა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიაღწია უმაღლეს მაჩვენებელს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

WMO: ახალი გლობალური საშუალო ტემპერატურის რეკორდი, სავარაუდოა, რომ შემდეგ ხუთ წელიწადში დაფიქსირდება (2020-2024), ხმელეთის ზედაპირთან ახლოს მდებარე ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მულტიმოდელური პროგნოზის მიხედვით.

ტემპერატურა კლიმატის მხოლოდ ერთი ინდიკატორია. სხვა ინდიკატორებია: ნახშირორჟანგის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში, ოკეანის დათბობა და მჟავიანობა, ზღვის დონის მაჩვენებელი, მყინვარის მასის ბალანსი, ასევე არქტიკისა და ანტარქტიკის ზღვის ყინული. ყველა ინდიკატორმა აჩვენა ბოლო 5 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების დაჩქარება.

WMO: ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა (CO2) და სხვა მნიშვნელოვანი სათბური გაზების მაჩვენებლები ახალ რეკორდებამდე გაიზარდა: 2015-2019 წლებში CO2-ის მაჩვენებელი წინა ხუთ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. CO2 ატმოსფეროსა და ოკეანეებში საუკუნეების განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში კლიმატის ცვლილებები გაგრძელდება, კორონავირუსული ეპიდემიით განპირობებული ემისიების დროებითი ვარდნის მიუხედავად.

ხუთწლიანმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ 2015-2019 წლები იყო ყველაზე ცხელი ხუთწლიანი პერიოდი, რაც კი დაფიქსირებულა.

„გლობალური საშუალო ტემპერატურა წინა ინდუსტრიული პერიოდის შემდეგ გაიზარდა 1.1 ° C- ით, ხოლო 2011-2015 წელთან შედარებით 0.2 ° C- ით”, – ნათქვამია ანგარიშში. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, თითოეული ათწლეული უფრო თბილია, ვიდრე წინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროში სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია, კლიმატის ცვლის პრობლემის გადაუჭრელობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანების კეთილდღეობას, ეკოსისტემებსა და ეკონომიკას საუკუნეების მანძილზე”, – თქვა პეტერ ტაალასმა. – “ჩვენ ერთნაირად უნდა გავანულოთ ორივე – პანდემია და კლიმატის ცვლილების მრუდები”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: