მთავარი,სიახლეები

შემიძლია თუ არა ჩავიტარო ფასიანი ტესტი კორონავირუსზე? – ინტერვიუ

31.03.2020 • 4515
შემიძლია თუ არა ჩავიტარო ფასიანი ტესტი კორონავირუსზე? – ინტერვიუ

კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით, ადამიანების ნაწილს სურვილი აქვს ჩაიტაროს ტესტი იმ შემთხვერვაშიც კი, თუ ტესტი ფასიანი იქნება. შეუძლიათ თუ არა ამ მომსახურების მიღება დღეს ადამიანებს ბათუმში და თუ არა, რა ზომებს უნდა მიმართონ ვირუსის დროულად დასადგენად? ამ თემაზე „ბათუმელები“  აჭარის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორს, ოჯახის ექიმს, დალი დავითაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო დალი, ადამიანებს აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა დღეს აჭარის მასშტაბით რომელიმე კლინიკაში მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე, თუნდაც თანხის გადახდა დასჭირდეთ?

სურვილის მიხედვით პაციენტს ტესტირების ჩატარება არ შეუძლია, რადგან ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და უტარდებათ მხოლოდ რისკჯგუფის პაციენტებს.  ტესტებს  ველოდებით ყოველდღე, თუმცა სურვილისამებრ არც მაშინ არ იქნება ტესტირება შესაძლებელი. ტესტი მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება პაციენტს.

  • ამ შემთხვევაში, რომელი ექიმი წყვეტს, ტესტი უნდა ჩაუტარდეს პაციენტს თუ არა? ოჯახის ექიმი, თუ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს ადამიანმა?

სასურველია, ადამიანმა დისტანციურად მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციისთვის, თუმცა, შეუძლია ასევე დარეკოს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და ექიმები დისტანციურად გაუწევენ კონსულტაციას.

  • მაგალითად, თუ ადამიანს 3 დღის განმავლობაში აღენიშნება 37 გრადუსი ტემპერატურა და არ აქვს სხვა სიმპტომი – ხველა ან სუნთქვის გაძნელება, ამ შემთხვევაში ის თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს, თუ უნდა ჩაიტაროს ტესტი?

ახლა არის სეზონური დაავადებები, რომლებიც არანაირად არ არის კავშირში კორონავირუსთან. კორონავირუსის გამო მოსახლეობაშიც ძალიან დიდი ფსიქოემოციური დატვირთვაა, მაგრამ მხოლოდ 37 გრადუსი ტემპერატურა არ ითვალისწინებს სტაციონარში მიმართვას. ამ მაჩვენებლით ახლაც მიმართავენ ინფექციურ საავადმყოფოს ადამიანები, რაც არ არის სასურველი, რადგან ინფექციურში უფრო მაღალია დაავადების გადადების რისკი.

  • რა უნდა იყოს მაღალი ტემპერატურის თანმხლები სიმპტომი, რომ პაციენტს ტესტი ჩაუტარდეს?

სტაციონარს მიმართავენ მხოლოდ ის პაციენტები, ვისაც 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ეს გრძელდება ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში.  ასევე, უნდა შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, უმადობა, საერთო სისუსტე ხომ არ ახასიათებს და ა.შ. მაღალი ტემპერატურის დროს პაციენტი უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში და დაიცვას პროტოკოლით დადგენილი წესები.

  •  მაღალი ტემპერატურის დროს თუ არის გამართლებული სიცხის დამწევის მიღება?

მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის საჭირო, თუ მხოლოდ 37 გრადუსი  ტემპერატურა აღენიშნება ადამიანს, არც ანტიბიოტიკის საჭიროება არსებობს.  თუკი სხეულის ტემპერატურა არის 38 გრადუსი და მეტი, სიცხის დამწევს მხოლოდ მაშინ იყენებს პაციენტი.

სხვა შემთხვევაში,  როგორც ჩვეულებრივი ვირუსის დროს, პაციენტმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე,  დაიცვას ჰიგიენა, ხშირად უნდა გაანიავოს ოთახი და ა.შ.

  • ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ კორონავირუსი შესაძლოა განვითარდეს უსიმპტომოდაც. კარანტინის მდგომარეობაში ადამიანები ძირითადად არიან სახლში, ოჯახის წევრებთან. თუკი მოხდება ვირუსის გვიან გამოვლენა, ეს ხომ არ გაზრდის დაინფიცირებულთა რიცხვს?

დიახ, მაგრამ როცა მაღალი ტემპერატურა აღენიშნება ადამიანს, ასეთ დროს ვარკვევთ, ხომ არ იყო საეჭვო კონტაქტები რისკჯგუფებთან; პაციენტი ხომ არ იმყოფებოდა აქტიურ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, იყო თუ არა აფთიაქში ან მაღაზიაში, სადაც არ იყო დაცული დისტანცია.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მზაობა, რომ თუკი საჭიროება იქნება, აუცილებლად ჩატარდება ტესტი, მაგრამ ჯერ კლინიკებში  არ არის შემოტანილი ტესტები.  უბრალოდ, წინსწრებით ხდება კადრების გადამზადება, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს ტესტების დროული გაკეთება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადამზადება ახლა მიმდინარეობს აქტიურად და 2-3 დღის განმავლობაში გვეყოლება გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, ვამზადებთ ოპერატორებს, ლაბორანტებს, თუკი ამბულატორიებზე წამოვა დატვირთვა. ამბოლატორიული მომსახურებაც მოხდება დისტანციურად  და ადამიანები ექიმის კონსულტაციებს ტელეფონით მიიღებენ.

  • რა ნომერზე შეუძლიათ პირველი აპრილიდან დარეკვა პაციენტებს აჭარაში?

პირველი აპრილიდან რეგიონის პაციენტებს გადმოამისამართებენ პირველ პოლიკლინიკაში და საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, ამ ორ დაწესებულებაში იქნება ცხელი ხაზი 24- საათიანი რეჟიმით, სადაც მიიღებენ ადამიანები დისტანციურად ექიმის კონსულტაციას. მანამდე კი ჩვეულებრივად შეუძლიათ დარეკონ 112-სა და 144-ზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: