მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს „მედალფაში“ უმკურნალებენ

30.03.2020 • 1106
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს „მედალფაში“ უმკურნალებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდივე პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ გააგრძელებს მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევების დროს პაციენტები გადაყვანილი იქნებიან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას „მედალფაში“ გააგრძელებენ. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ინფექციურ საავადმყოფოში არ არის რეანიმაცია.

კორონავირუსით ინფიცირებული, 70 წელს გადაცილებული კაცი, რომელსაც ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ, კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება. მას კორონავირუსის ფონზე პნევმონია და  დისტრესსინდრომი განუვითარდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება.

პნევმონია აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ, შუახნის პაციენტს ბათუმში, დანარჩენი  ხუთი პაციენტის მდგომარეობა კი პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დამაკმაყოფილებელია.

საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს აჭარაში კლინიკა „ევექსიც“ ქობულეთში.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 7 პაციენტს მკურნალობენ.

30 მარტის 11 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 98 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.

30 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

გადაბეჭდვის წესი