მთავარი,სიახლეები

26 წლის ქალი: ჩემი შვილი ონლაინი გაკვეთილს ვერ ისმენს, ინტერნეტი არ გვაქვს

28.03.2020
26 წლის ქალი: ჩემი შვილი ონლაინი გაკვეთილს ვერ ისმენს, ინტერნეტი არ გვაქვს

26 წლის ქალი, რომელიც მეორეკლასელ შვილთან და პენსიონერ დედასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, კორონავირუსის გამო უმუშევარი დარჩა. ქალი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ კაზინოში მიმტანად მუშაობდა. კაზინო დაიკეტა, ქალი კი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა.

ქალი ამბობს, რომ, როცა მუშაობდა დღეში 32 ლარს უხდიდნენ. მერე, როცა დაიწყო გაფრთხილებები სოციალურ დისტანცირებაზე, 20 ლარს უხდიდა კაზინოს მფლობელი, მერე კი გამოუცხადა, რომ კაზინოს კეტავს და ასე დარჩა ქალი უმუშევარი.

„დანაზოგი რაც მქონდა, იმით პროდუქტი მოვიმარაგე, ჩემმა დებმაც გამომიგზავნეს სოფლიდან ცოტა საჭმელი, მაგრამ ქირის ფულს ვეღარ ვიხდი. 2 ოთახი მაქვს ნაქირავები და აქამდე 200 ლარს ვიხდიდი“, – გვიყვება ქალი.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ დედის პენსიაა, შესაბამისად, ეს ფული ინტერნეტისთვის ვერაფრით გაანაწილა.

„იზო მასწავლებელმა დამირეკა, რომ ონლაინ გაკვეთილები დაიწყო და ბავშვი ჩავრთო ამ სწავლებაში, მაგრამ ინტერნეტი აქამდეც არ მქონდა სახლში და ამის გარეშე, როგორ უნდა ჩავრთო“.

ქალის თქმით, ის აპირებდა სოციალურ სამსახურში მისვლას, მაგრამ რადგან სათანადო ეკიპირება არ აქვს, აღარ წავიდა სააგენტოში.

იმედი აქვს, რომ მისი შვილის დახმარების სურვილი ვინმეს გაუჩნდება.

„მე ბინა პროფესიით პედაგოგისგან მაქვს ნაქირავები. ძალიან კარგი ქალია, მაგრამ თანხა ხომ უნდა გადავიხადო“, – გვითხრა ქალმა.

ეს ქალი არ არის ერთადერთი, ვინც კორონავირუსისი გამო შემოსავალი დაკარგა. ზუსტი სტატისტიკა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.