მთავარი,სიახლეები

„ძირს ეგდო დანა და დამტვრეული ხატი“ – სასჯელი ორსული ცოლის ცემისთვის

10.02.2020 • 2456
„ძირს ეგდო დანა და დამტვრეული ხატი“ – სასჯელი ორსული ცოლის ცემისთვის

„…ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე – მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ –  ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში თბილისში მომხდარი მორიგი ოჯახში ძალადობის შემდეგ.

შემთხვევის ადგილზე შუაღამისას მისულ სამართალდამცველებს მეზობლის ოჯახში მყოფმა ქალმა უთხრა, რომ ფეხმძიმედაა და ქმარმა 2 წლის ბავშვის თვალწინ სცემა, დანის ტარი კეფაში ურტყა და ბინიდან გაქცევა მოახერხა… „კიბეებზე დამეწია და მახრჩობდა, იმდენად ძლიერად მიჭერდა ხელს ყელში, გონება მეკარგებოდა და ბავშვი მივარდებოდა,“ – ჰყვებოდა ქალი.

ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა დაზარალებულმა ქალმაც. ჩვენება დაზარალებული ქალის დამ და სიძემ მისცეს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დაზარალებულის დამ თქვა, რომ დილის 6 საათზე განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი უცხო ნომრიდან.

„…მერე გადავწყვიტე, გადამერეკა. ჩემი დის განწირული ხმა გავიგონე, ბ.-მ დალია, მცემდა, მკლავდა, ძლივს გამოვასწარი და ახლა მეზობელთან ვარო. მითხრა, არ მიხვიდეთ ჩემს სახლში, აგრესიულია და შესაძლოა, ვინმე მოკლასო. პოლიციაში დავრეკე, ჩემი ქმარი წავიდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულის დამ.

დაზარალებულის სიძეს, მეზობლებსა და პოლიციელებს ქალმა უთხრა, რომ ქმარი მას ბავშვის მოკვლითაც ემუქრებოდა… „გვითხრა, რომ ქმრის ნათესავები გვყავდა სტუმრად, იქეიფეს და სტუმრების წასვლის შემდეგ გახდა აგრესიული… სასწრაფოს მანქანა როცა მოვიდა, მერე შევედით ბინაში. სახლი არეული იყო, ხატი იყო დამტვრეული, დანა ეგდო… ბინის დათვალიერებაზე ბ-მ მისცა თანხმობა და დათვალიერების ოქმსაც მოაწერა ხელი…“ – უთხრა დაზარალებულად ცნობილი ქალის სიძემ მოსამართლეს.

ქალმა სამართალდამცველებს აჩვენა საკუთარი მობილური ტელეფონიც, რომელიც მისი თქმით, ქმარმა ჩხუბის დროს გაუტეხა.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მოწმე ამ საქმეში არსებობდა, ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა და დაზარალებულმაც ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის მიღების დროს სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებს დაეყრდნო – მოწმეებს, რომლებიც თვითმხილველები არ იყვნენ.

„მართალია, ზემოაღნიშნული მოწმეები უშუალოდ არ არიან შემსწრე მომხდარი ფაქტისა, თუმცა ისინი უშუალოდ არიან თვითმხილველები ე.-ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგისა. დაზარალებული უშუალოდ მიმართავს დასახმარებლად ხ.-ს, უშუალოდ გ. ესწრებოდა და მოისმინა თუ რა განუცხადა ე.-მ მასთან ერთად მისულ პატრულის თანამშრომლებს, რაც დაზარალებულმა აგრეთვე გაიმეორა გამოკითხვისას გამომძიებელ თ.-სთან, რომელსაც აგრეთვე წარუდგინა დაზიანებული ტელეფონი… დაზარალებული იმავე ინფორმაციას წარუდგენს ექსპერტ გ.-ს, ამასთანავე უჩვენებს დაზიანებებს, რომელთა განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი.

საქმეში იყო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს აღენიშნებოდა „დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები
მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს…“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში.

სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოჯახში ძალადობისთვის, 2 წელი – სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ხოლო ერთი წელი – მუქარისთვის. საბოლოოდ, სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ბრალდებულს 2 წელი მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: