მთავარი,სიახლეები

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იქმნება

25.01.2020
საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იქმნება

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით უკვე დამტკიცდა ცენტრის დებულება. ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება 2020 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

დებულების მიხედვით, „ცენტრი იქმნება ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით“.

მონიტორინგის ცენტრს უხელმძღვანელებს უწყებათაშორისი საბჭოს მდივანი – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები კი იქნება – მონაცემთა კვლევის დანაყოფი და საკონსულტაციო დანაყოფი.

საბჭომ უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ განსაზღვრული ინდიკატორების გათვალისწინებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მაჩვენებლების დამუშავება, მათი მოხმარებით გამოწვეული სამედიცინო და საზოგადოებრივი ზიანის შეფასება;
  • ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების საკითხზე ყოველწლიური და სპეციალური ანგარიშების მომზადება;
  • საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, „EMCDDA“-თან, ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება;
  • საჭირო სხვა ფუნქციების განხორციელება.

[/checklist]

მონიტორინგის ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე; ცენტრის ფარგლებში დამუშავებული დოკუმენტებისა და სხვა შესაბამისი მასალის შინაარსი კი, კონფიდენციალური უნდა იყოს. დებულების მიხედვით, დაუშვებელია მათი შინაარსის მესამე პირისათვის გამჟღავნება ცენტრის მიერ აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე.

[highlight color=”green”]მონაცემთა კვლევის დანაყოფი:[/highlight] საქმიანობის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ცენტრის სპეციალური და ყოველწლიური ანგარიშების შემუშავება.

დანაყოფი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან, ჯანდაცვის სექტორთან და თემატურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებთან, სერვისის მიმწოდებელ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და კერძო დაწესებულებებთან.

დანაყოფის შემადგენლობაში შედის ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების, ადიქტოლოგიის, სოციოლოგიის, სტატისტიკის ან ეპიდემიოლოგიის დარგის 5 წარმომადგენელი. მონაცემთა კვლევის დანაყოფის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსის წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

[highlight color=”green”]მონაცემთა კვლევის დანაყოფი:[/highlight] ამ დანაყოფის ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა, ამავე დანაყოფის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და ანგარიშებთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და პროფესიული კონსულტაცია. საკონსულტაციო დანაყოფი იკრიბება საკუთარი ინიციატივით, ან ცენტრის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

საკონსულტაციო დანაყოფი შედგება შემდეგი სახელმწიფო უწყებების 6 წარმომადგენლისაგან: იუსტიციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პროკურატურა; სპეციალური პენიტენციური სამსახური.

დებულებაში აღნიშნულია, რომ უწყებები 2 წლის ვადით უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენენ უწყების იმ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ნარკოვითარებისა და ნარკომოხმარებასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. საკონსულტაციო დანაყოფის წევრის ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად სახელმწიფო უწყება, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობება უწყებათაშორის საბჭოს.

საკონსულტაციო დანაყოფის მუშაობაში, ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევით, მონაწილეობას იღებს ნარკომოხმარების პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების, მიწოდების შემცირების ან/და ადიქტოლოგიის, ასევე, მომიჯნავე დარგების 5 ექსპერტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.