რეკლამა,სიახლეები

აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

25.11.2019
აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი 1300 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გვარა-მოწყობილების საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაო.

გვარა-მოწყობილების გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ოთხმოცამდე ოჯახი ახალი გზით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7600 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 700 გრძ.მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 28 ადამიანი არის დასაქმებული.
სამუშაოებს შპს სამკუთხედი ასრულებს.

პროექტის ღირებულება 505 358 ლარს შეადგენს.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელს თითქმის დასრულების პროცესშია და მომავალ წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროექტების განხორციელებას უფრო აქტიურად გააგრძელებს,“- ამბობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის თქმით, აღნიშნული გზით ისარგებლებენ არამარტო გვარა-მოწყობილების მაცხოვრებლები, არამედ ხუცუბნელები, რომლებიც უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ქალაქ ქობულეთს.

„აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს ათობით წარმატებული პროექტი განახორციელა. 2020 წლისათვის იგეგმება ასევე სხვადასხვა მიმართულებით ასფალტობეტონისა და ბეტონის გზის მოწყობა, რაც უდაოდ ჩვენი მოქალქაქეების და საზოგადოების შეკვეთას წარმოადგენს,“- აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

ასევე ქედის მუნიციპალიტეტში, დანდალო-ხარაულას საავტომობილო გზაზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტი 1100 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4579 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 1096 გრძ/მ სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 32 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 560 699 ლარით დაფინანსდა.

„სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ახალი გზით ორასამდე ოჯახი ისარგებლებს,“-აღნიშნა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალი ხარისხით არის შესრულებული.

„ყველაფერი, რაც გაკეთდა უმაღლეს დონეზეა. სოფელის ყველა მაცხოვრებელი კმაყოფილია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითქმის ქედის ყველა სოფელში ბეტონის საფარია დაგებული,“- ამბობს სოფელ ხარაულას მცხოვრები მალხაზ ხარაძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: