მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ქვის ხანის 1600-მდე არტეფაქტი აღმოაჩინეს

24.10.2019 • 3861
ქობულეთში ქვის ხანის 1600-მდე არტეფაქტი აღმოაჩინეს

სოფელ ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, არქეოლოგებმა 1600-მდე უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ.წ.აღ-ით მე-9, მე-10 ათასწლეულის პერიოდის ნაშთები უნდა იყოს. საველე სამუშაოები ზაფხულში ჩატარდა. ამ დროისთვის აღმოჩენილ არტეფაქტებზე კამერალური სამუშაოები მიმდინარეობს.

არტეფაქტები შესასწავლად გადაგზავნილია ეროვნულ მუზეუმში, ასევე, აშშ-ის მისურის უნივერსიტეტში, სადაც ობსიდიანის [ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან] ქიმიურ შემადგენლობას იკვლევენ. სწორედ ამ მასალით არის დამზადებული აღმოჩენილი უძველესი ნივთების დიდი ნაწილი.

ექსპედიციის ჯგუფში მუშაობდა არქეოლოგი გურამ ჩხატარაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ  აღმოჩენილი არტეფაქტები ნადირობასთან დაკავშირებული იარაღებია.

ფოტო: გურამ ჩხატარაშვილი. აღმოჩენილია უძველესი ნივთები, რომლებსაც ადამიანები ნადირობის დროს იყენებდნენ

„ეს არის წმინდა სამონადირეო იარაღები – საფხეკები, ტყავის, ხორცის დასამუშავებელი დანები, საჭრისები და ა.შ. სხვა მასალებზე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. გარდა ამისა, აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლის ნაშთებიც.

არქეოლოგიური არტეფაქტები 600 ერთეულს აჭარბებს, აქედან 250 ერთეული სანადირო იარაღია. მთლიანობაში არტეფაქტების რაოდენობა 1600-ია. მასალად გამოყენებულია კაჟი და ობსიდიანი, რომელიც დამახასიათებელია ქვის ხანის პერიოდისთვის“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

გურამ ჩხატარაშვილის თქმით, საქართველოში ობსიდიანის წყარო, სამხრეთ საქართველო, კერძოდ კი ჯავახეთის რეგიონია – ძირითადად ჭიქიანის მთა, საიდანაც ვრცელდება ეს მასალა და წარმოადგენს ვულკანურ მინას.

„ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდისთვის ალბათ აქტიური კონტაქტები არსებობდა ამ რეგიონებს შორის“, – ამბობს გურამ ჩხატარაშვილი.

არქეოლოგიური აღმოჩენები კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობს. არქეოლოგებმა გათხარეს 32 მ2 მიწის ფართობი, სადაც დაფიქსირდა უძრავი კულტურული ფენის არსებობა.

გარდა ზემოთ ნახსენები არტეფაქტებისა, გათხრების შედეგად აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლის ნაშთებიც.

ფოტო: გურამ ჩხატარაშვილი. ქობულეთში ქვის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

როგორც გურამ ჩხატარაშვილი ამბობს, ამ ტერიტორიაზე პირველი კვლევები ადგილობრივმა არქეოლოგმა სერგო გოგიტიძემ დაიწყო, რომელმაც 25 წლის განმავლობაში ათეულობით არტეფაქტი აღმოაჩინა. „ახლა ჩვენ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გავაგრძელეთ არქეოლოგიური სამუშაოები, რამაც საინტერესო შედეგებზე უნდა გაგვიყვანოს“, – გვეუბნება ის.

არტეფაქტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი, მანამდე კი სამუშაოები გაგრძელდება.

არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი მანკოც.

როგორც გურამ ჩხატარაშვილი ამბობს, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფელ ქობულეთში პირველყოფილი ადამიანის პალეოგარემოს აღდგენაა, რისთვისაც მიწის სხვადასხვა დონიდან ამოღებულია სინჯები.

როგორც გურამ ჩხატარაშვილი გვეუბნება, საველე ექსპედიცია რუსთაველის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. „საველე სამუშაოები დაფინანსდა 8 000 ლარის ოდენობით, გრანტის საერთო ბიუჯეტი კი 19 950 ლარია“.

მთავარი ფოტო: არქეოლოგ გურამ ჩხტარაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი