მთავარი,სიახლეები

ქურთები და ასადის მთავრობა შეთანხმდნენ – ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალები შევიდნენ

14.10.2019
ქურთები და ასადის მთავრობა შეთანხმდნენ – ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალები შევიდნენ

სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ სირიის მთავრობამ გაგზავნოს არმია ჩრდილოეთ სირიაში და დაეხმაროს ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის სამთავრობო ძალები უკვე ქვეყნის ჩრდილოეთშია განლაგებული.

ქურთებსა და სირიის მთავრობას შორის გარიგება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს ჯარისკაცები, რომლებიც სირიაში რჩებოდნენ, გაეყვანა კონფლიქტის არეალიდან იქ არსებული „გამოუვალი მდგომარეობის“ გამო.

ქურთული ძალების [SDF] ოფიციალური წარმომადგებლები ამბობენ, რომ „შეთანხმებისამებრ სირიის არმია განლაგდება მთელი საზღვრის სიგრძეზე“.

„ეს განლაგება დაეხმარება სირიის დემოკრატიულ ძალებს SDF-ს, თურქეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და იმ ტერიტორიის გათავისუფლებაში, რომელიც თურქეთის არმიამ დაიკავა,“ – წერია სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

სირიის დემოკრატიული ძალების SDF-ის ხელმძღვანელმა მაზლუ აბდიმ Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ ქურთების გარიგება ასადის მთავრობასთან და რუს მეკავშირეებთან „ეს არის მტკივნეული კომპრომისი“.

„ჩვენ არ ვენდობით მათ დაპირებებს. სიმართლე რომ ვთქვა, რთულია იცოდე ვის ენდო. მაგრამ თუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი კომპრომისსა თუ ჩვენი ხალხის გენოციდს შორის, ჩვენ, რასაკვირველია, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ავირჩევთ, “ – ამბობს მაზლუ აბდი.

სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კოდური სახელწოდებით სამხედრო ოპერაციის –  „მშვიდობის გაზაფხულის“ მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა.

თურქეთის იერიშს და აშშ-ს უკანდახევას მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა – ქურთების მიერ შექმნილი სირიის  დემოკრატიული ძალები იყო დასავლეთის მთავარი მოკავშირე ISIS-ის ტერორისტებთან ბრძოლაში. თუმცა ოფიციალური თურქეთი ამბობდა, რომ ის ხედავდა ქურთების გაერთიანებაში ტერორისტულ ძალებს.

ბიბისის თანახმად, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ დრომდე, ათეულობით სამოქალაქო პირი და მებრძოლია დაღუპული კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს.

მთავარი ფოტო: AFP/BBC

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: