მთავარი,სიახლეები

ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს

12.09.2019 • 2947
ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს გადაუცვალეს. გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციასთან მისასვლელად აქამდეც სარგებლობდა და გადაკეტილიც კი ჰქონდა, სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. მეორე გზა კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებად 2011 წელს დაირეგისტრირა, შეკვეთილის პლაჟზე გადის.

გზების გაცვლაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა 2019 წლის 23 აგვისტოს განკარგულებით განაცხადა, რომლის საფუძველზეც 3 სექტემბერს ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფომ „ურეკი რეზიდენსის“ გზა სახელმწიფო საკუთრებად 6 სექტემბერს დაარეგისტრირა, „ურეკი რეზიდენსმა“ კი, სახელმწიფო გზა თავის საკუთრებაში – 9 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობას 23 აგვისტოს განკარგულება გასაჯაროებული არ აქვს. განკარგულების ელექტრონული ასლი „ბათუმელებმა“ მთავრობისგან 29 აგვისტოს ოფიციალურად გამოითხოვა. ამის შემდეგ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ქონების ურთიერთგადაცემაზე ხელშეკრულებაც გაფორმდა, მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებიც შეიცვალა, თუმცა დოკუმენტის ასლი მთავრობის კანცელარიიდან დღემდე არ მიგვიღია.

„თქვენი წერილი 2019 წლის 5 სექტემბერს გადაიგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში და პასუხს სამინისტრო მოგაწვდით“, – გვითხრეს დღეს, 12 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში.

გადაცვლილი გზები

გზა [1], რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა და რომელიც სახელმწიფომ საკუთრებაში 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და 3066 კვ.მ-ია. გზა შემოღობილია და შლაგბაუმი დგას. გზის ირგვლივ მხოლოდ „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთებია, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც სხვა კერძო მესაკუთრეები ჰყავს. თუმცა, გზასა და კერძო ნაკვეთებს შორის არის ტერიტორია, რომელიც ჯერ რეესტრში არავის საკუთრებად არ არის რეგისტრირებული, მათ შორის არც სახელმწიფო საკუთრებაში. ვინაიდან ეს გზა ახლა „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია, მას კომპანია უკვე კანონიერად ჩაკეტავს. კერძო მესაკუთრეები კი, გადასაადგილებლად, ისევ მათ ნაკვეთებსა და ამ გზას შორის არსებული ტერიტორიით ისარგებლებენ.

გზა [2], რომელიც 2019 წლის 6 სექტემბრამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში იყო – 3067 კვ.მ-ია. ეს ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის, როგორც „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, 2004 წლის აპრილში ციცინო ივანაშვილმა ერთ-ერთი კერძო პირისგან იყიდა 6 120 აშშ დოლარად. 2011 წლიდან, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში იყო, შემდეგ – ბერა ივანიშვილის, რომელმაც ის „ურეკი რეზიდენსის“ კაპიტალში შეიტანა.

გზა [1] – მარცხნივ და გზა [2] – მარჯვნივ, რომლებიც სახელმწიფომ და „ურეკი რეზიდენსმა“ ერთმანეთს გაუცვალეს /ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“ / 11.08.2019

გზა[1] ქვემოთ და გზა[2] ზემოთ – გზის მონაკვეთები, რომლებიც კომპანიამ და სახელმწიფომ ერთმანეთს გაუცვალეს

[highlight color=”red”]შპს „ურეკი რეზიდენსი[/highlight] ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს, საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

ამ თემაზე:

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: