მთავარი,სიახლეები

„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს

03.09.2019 • 2942
„გასაროზგი ტიპი ხარ“ – ღურტას ბაღის ყოფილი გამგის სავარაუდო მუქარა TV25-ის ჟურნალისტებს

„მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე!“ „შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ, როგორც უნდა“, „მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!“ – TV25-ის ჟურნალისტი, ეკა ბარამიძე ამბობს, რომ ამ და სხვა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მედეა მამულაძისგან იღებს.

მედეა მამულაძემ გუშინ, 2 სექტემბერს, დატოვა ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე – 29 აგვისტოს, TV25-მა სიუჟეტი მოამზადა ღურტას საბავშვო ბაღში გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებთან დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება. მედეა მამულაძემ იმავე სიუჟეტში ჟურნალიტს უთხრა, რომ ის ბაღში „კაროლივით ზის“ და პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე მფარველობს, ასევე ხულოს მერი და სუს-ი.

„იმავე დღეს დამირეკა, ვიდრე სიუჟეტი ეთერში გავიდოდა,“ – გვიყვება ჟურნალისტი ეკა ბარამიძე, – „მე მასთან შეხება მანამდე მქონდა პროფესიული კუთხით. რადგან მაღალმთიანეთის თემებს ხშირად ვაშუქებ, ჩათვალა, რომ მე ვამზადებდი ამ სიუჟეტსაც. ვუთხარი, რომ შვებულებაში ვიყავი და შეეძლო პირდაპირ დაერეკა სიუჟეტის ავტორის – სულხან მესხიძისთვის. ის ძალიან გაბრაზებული იყო და ისევ მირეკავდა. საბოლოოდ, მისი ტელეფონის ნომერი დავბლოკე, მაგრამ ამ დრომდე ვიღებ მუქარის შემცველ შეტყობინებებს, მათ შორის ცემის და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ“.

„როცა სიუჟეტი ეთერში გავიდა, მედეა მამულაძემ ოჯახის მამაკაც წევრებს მალაპარაკა. ისინი ვიდეოს წაშლას მთხოვნდნენ კატეგორიულად. ჩემი უარის შემდეგ მედეა მამულაძემ მითხრა, რომ თავს მოიკლავდა. ამის შესახებ მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს… ეკა ბარამიძე მუშაობს მაღალმთიანეთში და არსებობს დიდი რისკი, რომ მუშაობის პროცესში იგი ჟურნალისტს თავს დაესხას. ფეისბუქგვერდზე გვწერენ, რომ ამ ქალს მართლა უნდა ვუფრთხილდეთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სულხან მესხიძემ, TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მედეა მამულაძეს, თუმცა მან მაშინვე გამორთო მობილური ტელეფონი, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი დაუკავშირდა.

ტელევიზიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მოთხოვნით TV25-მა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

„გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, ვიდეოში მონაწილე პირის მუქარის საფუძველზე, რომ ვიდეოს არწაშლის შემთხვევაში ჩაიდენდა თვითმკვლელობას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საქმესთან დაკავშირებული მასალის შესწავლა,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამ თემაზე:

ანზორ ბოლქვაძე საბავშვო ბაღის გამგეზე: უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: