მთავარი,სიახლეები

რას თხრიან სოფელ დოლოგანში

03.09.2019 • 2869
რას თხრიან სოფელ დოლოგანში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი], მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კეთდება კარიერთან მისასვლელი გზა, სადაც ფიზიკურმა პირმა, ლევან ხოზრევანიძემ, 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ლევან ხოზრევანიძეს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2013 წლის სექტემბრის ბრძანებით, ლევან ხოზრევანიძეზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სოფელ ჭარნალის მიმდებარედ „ჭარნალის ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“. ლიცენზიის მოქმედების ვადა იყო 5 წელი; მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა კი – 266 000 კუბ/მ. ლიცენზიის მფლობელს იქ მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო არ უწარმოებია. საქართველოს მთავრობის 2018 წლის ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე, ლევან ხოზრევანიძეზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შევიდა ცვლილება და გაიცა ახალი ლიცენზია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელას მიმდებარედ „ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

მთავრობის განკარგულებით, ლევან ხოზრევანიძემ სოფელ ჭალახმელასთან, 26 600 კვ/მ ფართობზე, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, უნდა განახორციელოს 266 000 კუბ/მეტრი ოდენობის ანდეზიტო-ბაზალტის მოპოვება „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი დასკვნით [გეოსაინფორმაციო პაკეტით] განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ხოზრევანიძეს რაიმე ვალდებულება, რომ მოპოვებული მასალა კონკრეტული დანიშნულებით იქნება გამოყენებული, არ აქვს.

თავდაპირველად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭარნალის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჭარნალის ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინებაზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოში გამოაცხადა. საწყისი ფასი იყო 10 000 ლარი, ბიჯი – 1000 ლარი. აუქციონზე ლიცენზია ერთი ბიჯით, ანუ 11 000 ლარად ლევან ხოზრევანიძემ შეიძინა. სწორედ ამ ლიცენზიის საფუძველზე უნდა მოიპოვოს წიაღისეული მან სოფელ ჭალახმელასთან.

სამუშაოები სოფელ ჭალახმელასთან / 22.08/2019 / ფოტო: „ბათუმელები“

სამუშაოები სოფელ ჭალახმელასთან / 22.08/2019 / ფოტო: „ბათუმელები“

ქედის სოფელ დოლოგანში კიდევ ორ კარიერზეა ლიცენზია გაცემული. ერთ-ერთი აქედან სოფელ ჭინკაძეებშია. ეს ის სოფელია, სადაც 2018 წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა.

ამ თემაზე ვრცლად:

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: