მთავარი,სიახლეები

ექთნად მუშაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო – რა იცვლება საექთნო საქმეში ახალი სტრატეგიით

21.08.2019 • 9106
ექთნად მუშაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო – რა იცვლება საექთნო საქმეში ახალი სტრატეგიით

საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან“ კოორდინაციით მოამზადა.

სტრატეგიის თანახმად, მომზადდება კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საექთნო საქმის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება/აღიარების საკითხებს და ექთნების რეგისტრაცია/ლიცენზირება/სერტიფიცირების მექანიზმს.

პირველ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, ექთნების ლიცენზირება/სერტიფიცირება განხორციელდება ფორმალური განათლების ფარგლებში გაცემული დიპლომის ან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე. ამასთან, რეგისტრაცია 2025 წლამდე ნებაყოფლობითი იქნება ექთნებისთვის, 2025 წლიდან კი, საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში. 2025 წლის შემდეგ ექთნად მუშაობის დაწყების მსურველს სერტიფიკატის/ლიცენზიის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

სტრატეგიის თანახმად, 2020-2023 წლებში ეტაპობრივად უნდა ჩამოყალიბდეს ექთანთა დიპლომისშემდგომი განვითარების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა. კერძოდ:

  • განისაზღვრება საექთნო სპეციალობების ნუსხა. [მაგალითად: ანესთეზიის ექთანი, პედიატრიის, ნეონატოლოგიის ექთანი; ოჯახის ექთანი; ფსიქიატრიის ექთანი და ა.შ.]

გარდამავალ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, საექთნო სპეციალობის მიღების საფუძველი გახდება სპეციალობაში მზადების შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, ამ მიმართულებაში არსებული სამუშაო გამოცდილება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში იქნება ბაკალავრი ექთნების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ექთნად მუშაობის უფლება განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი მზადების საფუძველზე.

  • 2020-2025 წლებში შეიქმება დიპლომისშემდგომი და უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი სტრუქტურა. უწყვეტი განათლების სისტემა მოიაზრებს ორივე დონის საექთნო პერსონალისთვის სავალდებულო კრედიტების დაგროვებას. 2025 წლამდე რეგისტრირებული/ლიცენზირებული/სერტიფიცირებული ექთნებისთვის პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, ამის შემდეგ კი, ექთნის რეგისტრაცია/ლიცენზია/სერტიფიკატი იქნება 5-წლიანი და ყველა ექთანი ვალდებული იქნება, ჩაერთოს უწყვეტი განათლების სისტემაში კრედიტების მზარდი სისტემით. 

სტრატეგიის თანახმად, 2020-2025 წლებში განვითარდება ექთანთა საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, შეიქმნება საექთნო მოვლის გაიდლაინები და პროტოკოლები.

სტრატეგია ითვალისწინებს საექთნო საქმის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას, რათა ახალგაზრდები დაინტერესდნენ ექთნის პროფესიით.

სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 800 000 ლარია.

საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია და სისტემაში დასაქმებული ექთნების 20-მა პროცენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიაღწია საპენსიო ასაკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველოს ბოლოდან მეორე ადგილი უკავია 100 000 სულ მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით.

ვრცლად ამ თემაზე: 

რა ღირს ექთნის შრომა

_______

ფოტო: unsplash.com 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: