17 აგვისტოს არტკაფე „აკვანი“ ოფიციალურად გაიხსნა. სივრცე დღეიდან ძველი ბათუმის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე, საიათნოვას 4 ნომერში გიმასპინძლებთ.
გახსნაზე ბათუმური, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო.
„სიმართლე ითქვას, პირველად ვხედავ ამ ქუჩას ასე ცოცხალსა და მხიარულს. „აკვანი“ იქნება ახალი ურთიერთობების, ახალი მუსიკის ადგილი ქალაქში. აქ მოსულ ბათუმელებს, სტუმრებს, შევთავაზებთ ხარისხიან მუსიკას, ყოველკვირეულად იქნება საინტერესო საღამოები. „აკვანიც“ იმიტომ დავარქვით აქ სივრცეს, რომ ჩვენს ქალაქში მსგავსი ტიპის არტკაფეებისთვის ეს ერთგვარი დასაწყისი იქნება“, – გვითხრა მამუკა ბოჭორიშვილმა, „აკვანის“ დამფუძნებელმა.
საღამო ელექტრონული მუსიკით გაიხსნა. „აკვანში“ მოსულებს Cheeky-ს მუსიკა დახვდათ.
„აკვანის“ სტუმრებს ძალიან გემრიელი ფურშეტი და მრავალი სახის სასმელი დახვდათ.
11 საათის შემდეგ კი ერეკლე დეისაძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა სტუმრებისთვის. არტისტის ყველა შესრულებას პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.
ინგა კობალაძე ერთ-ერთი იყო იმ სტუმრებს შორის, რომელიც „აკვანის“ გახსაზე მივიდა და ბოლომდე დარჩა.
„ძალიან მომწონს დღევანდელი საღამო, მგონი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ვართ ქალაქში. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ “აკვანში”, განსხვავებული და გამორჩეული სივრცეა ნამდვილად“, – გვითხრა ინგამ.
„აკვანში“ ინტერიერი დატვირთულია ბევრი საინტერესო ელემენტითა და განათებით.
კაფე ყოველ დღე დილის 8 საათიდან მიიღებს სტუმრებს და გვიან ღამემდე იზრუნებს მათ განწყობაზე.
როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, აქ შეგეძლებათ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები ახალი ფორმით დააგემოვნოთ.
ასევე იქნება ნატურალური ღვინო, ღვინის კოქტეილები და ტრადიციული ალკოჰოლური სასმელები.
დღეიდან ბათუმში, საიათნოვას ქუჩის 4 ნომერში, არტკაფე „აკვანში“ დაგელოდებიან გულთბილი მასპინძლები. აქ ღიმილიანი სახით შეგხვდებიან და… გამოგაცილებენ.