ბატონო ლაშა, როგორც სახელისუფლებო გუნდის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რას ფიქრობთ – ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ჩატარებული აქციები თავისი შინაარსით ხომ არ აზარალებს ხელისუფლების რეიტინგს?
ჩემი პარტიის გადასახედიდან გამოვალ – ამ აქციებში „ქართული ოცნება დემოკრატული საქართველოსთვის“ არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ჩვენი პარტიის არც ერთი აქტივისტი არ იღებდა მასში მონაწილეობას. იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ხდება, წამების კადრებმა, სავარაუდოდ, მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია და ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია.
გასაგებია, რომ თქვენი პარტიული აქტივისტები ამ აქციებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ეს ჯგუფი მაინც ხელისუფლებასთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე საინტერესოა თქვენი აზრი – აზარალებს ეს აქციები თქვენი პარტიის იმიჯს, თუ პირიქით – ხელს უწყობს მისი რეიტინგის ზრდას?
მე კიდევ ერთხელ გაგცემთ ეგეთ პასუხს – როდესაც 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მოხდა ისეთი საზიზღრობები… ფირები… სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ შემიხედია მაგ ფირებისთვის, მაგრამ ვიცი თუ რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. შესაბამისად, უფრო მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია და ამიტომ… არ ვიცი, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებდი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას. თქვენც იზიარებთ ამ შეხედულებას?
ნაციონალური მოძრაობა ფაქტობრივად გამქარალია. თავისი მოქმედებიდან გამომდინარე მათ განაჩენი თავიანთ თავს გამოუტანეს, ამიტომ მე ვერაფერს ვეღარ ვიტყვი მათ ხვალინდელ და ზეგინდელ პოზიციაზე.
დღეს დაანონსებულია აქცია, რომელზეც არ არის გამორიცხული მოხდეს ინციდენტები. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს?
მე ვფიქრობ სამართალდამცველები არ დაუშვებენ, რომ რამე ექსცესები მოხდეს… ყველა ადამიანს აქვს დღევანდელ დღეს აზრის გამოხატვის საშუალება. ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი ფაქტები, ფაქტობრივად, რა მომხდარა – ადამიანის გატაცებები და საშინელებები, რაც თუ ხდებოდა იმ ხნის განმავლობაში.
NDI-ის კვლევების თანახმად ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ერთი პროცენტით მეტია, ვიდრე მმართველი გუნდის. აქციები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სწორედ NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განახლდა. თქვენ ხედავთ კავშირს NDI-ის კვლევის შედეგებსა და განახლებულ აქციებს შორის?
NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით არის შეკითხვები თუ რა კატეგორიის ხალხი იქნა გამოკითხული. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ ვიზიარებ სამწუხაროდ. შესაძლებელია ჩვენ რაღაც ბევრი ნაბიჯი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი რეიტინგი აიწიოს, მაგრამ 13 და 11-პროცენტიანი ბარიერები, რომლებიც მათი მხრიდან იქნა დადებული, ნამდვილად ვერ დავეთანხმები.
თუ ხედავთ კავშირს NDI-ის კვლევებსა და ამ აქციებს შორის?
რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ, სხვადასხვა რამ არის. ეს, სავარაუდოდ, იმ ფაქტებიდან გამომდინარე არის და სხვა ძალასაც შეიძლება გაუჩნდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს რაღაც ახალი ტალღის აგორება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ამას ნამდვილად ვერ იხილავეს საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი იქნება სიმშვიდისკენ.






