სიახლეები

როგორ აკონტროლებს ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ბიუჯეტს

01.11.2015 • 1655
როგორ აკონტროლებს ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ბიუჯეტს

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოში საფინანსო კომისია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, საკითხების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება, ხოლო ეკონომიკური რეფორმების კომისია – ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში ხელშეწყობისა და კონტროლის მიზნით.

 

ბათუმის საკრებულოში ამ ფუნქციას ერთი – საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია ითავსებს. კომისიას საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. გასულ კვირას „ბათუმელებმა“ ამ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნები შეისწავლა.

 

ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში მერიას საკრებულოსთვის ჯერ არ წარუდგენია. 6 თვის შესრულების ანგარიშის შესწავლის შემდეგ მომზადებული დასკვნის მიხედვით კი, მერიის ფინანსისტები ცუდად მუშაობენ.

 

„…ფაქტია, რომ ბათუმის მერიის ეკონომიკური გუნდი ვერ უზრუნველყოფს პროექტებისა და პროგრამების ჭრილში თუნდაც მიახლოებით სწორ პროგნოზირებას, თანხის დროულ გადატანას პროგრამის ერთი ნაწილიდან მეორეში ან ახალ პროექტებში, გადაწყვეტილების დროულ მიღებას, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაზე“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

 

ამავე დასკვნაში საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დადებითად აფასებს ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას შემოსულობების ნაწილში. თუმცა, იქვე წერს, რომ პირველ კვარტალთან მიმართებაში ნაშთი ამჯერად 6 მილიონით გაიზარდა და აუთვისებელი თანხა, საერთო ჯამში, 45 მილიონ 222 000 ლარია.

 

დასკვნაში საუბარია იმაზეც, რომ მერიის ფინანსისტებმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს:

 

„მიუხედავად საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის არაერთი მითითებისა და მრავალი რეკომენდაციისა, მერიის საფინანსო ეკონომიკურმა სამსახურმა არ გაანალიზა შექმნილი სიტუაცია, არ ჩააატარა ფინანსური პროგრამული ანალიზი და გააგრძელა ბიუჯეტის კვარტალური წარმოდგენის არაჯანსაღი ტენდენცია…“

 

რაში გამოიხატება ბიუჯეტის კვარტალური წარმოდგენის არაჯანსაღი ტენდენცია? – დასკვნაში განმარტებულია, რომ ბიუჯეტის ანგარიშები საკრებულოში დადგენილი ვადის ბოლო დღეებში შედის, ამასთან სერიოზული ხარვეზებით, რაც გამოიხატება ფინანსურ და პროგრამულ ნაწილში საკასო მონაცემების შესრულების სხვადასხვა მაჩვენებლით. კომისიის წევრების მოსაზრებით ეს „ზერელე დამოკიდებულებაზე მეტყველებს“.

 

კომისიის ინფორმაციით, მერიაში განმარტეს, რომ პროგრამულ ანგარიშებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წარადგენენ არაუგვიანეს 3-12 დღისა, ხოლო მათი საკრებულოში გადამისამართება იგვიანებს.

 

საფინანსო ეკონომიკური სამსახურის ინფორმაციით, პროგრამული ანგარიშების წარდგენის დაგვიანების გამო კვარტალური ანგარიშების უფრო ადრე წარდგენა ვერ ხერხდება. კომისიაში მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის სხვა სამსახურებთან არაკოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს.
2015 წლის აპრილში ბათუმის მერიამ 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს. ამ ბიუჯეტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 34 700 000 ლარი მორჩა. საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ მილიონობით ნაშთის წარმოქმნის მიზეზები გაანალიზა და მერიას შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. კომისიამ ურჩია მერიას კონტროლი გაამკაცროს იმ შემთხვევაში, როცა კომპანიებს დასრულებული აქვთ სამუშაოები, მაგრამ აგვიანებენ დოკუმენტაციის წარმოდგენას. კომისია მერიას სთხოვს დროულად შეუწყდეთ კომპანიებს კონტრაქტები, რომლებიც გეგმა-გრაფიკებს არღვევენ.

 

გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს კომისიის რჩევები, ეს მომავალში გამოჩნდება.

ამ დღეებში ბათუმის მერიამ საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანალიზი უნდა წარუდგინოს. შემოსულობების ნაწილში არა, თუმცა ათვისების წილში მერიას პრობლემები, სავარაუდოდ, ისევ ექნება.

გადაბეჭდვის წესი