სიახლეები

რატომ ბათუმი?

13.10.2015 • 15747
რატომ ბათუმი?

მეჩვენება, რომ ქუჩებსა და სახლებსაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს ისინი და ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ აქ, ბათუმში, მაქვს ორმხრივი სიყვარული. ადამიანებზე არაფერს ვამბობ, რადგან კარგი ადამიანები სხვა ქალაქებშიც ცხოვრობენ და ადამიანებისაგან სიყვარული სხვაგანაც მიგრძნია, მაგრამ არსად არ განმიცდია ისეთი თავისუფლება, როგორიც ჩემთვის მხოლოდ ბათუმში არსებობს. ბევრი მიფიქრია ზემოთქმულის მიზეზებზე და, ჩემი სუბიექტური აზრით, მთავარი მიზეზი მაინც ზღვაა, რომელსაც თავისუფლება მოაქვს და ამიტომაც ქართული ლიბერალიზმის დედაქალაქი მაინც ბათუმია და სულ არ ვფიქრობ, რომ „ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა“.

მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ლექსია და ამ ლექსის ავტორიც კარგი პოეტია, ჩემთვის მაინც პირიქითაა და ბათუმი ჩემთვის ყველაფერია, წვიმის გარდა. შეიძლება ამიტომაც, არაერთხელ, ბათუმში ყოფნისას ისეც კი მომხდარა, რომ წვიმა არც კი შემიმჩნევია და თანაც ისეთი წვიმა, რომელიც სხვაგან, რომელიმე სხვა ქალაქში, აუცილებლად შემაწუხებდა. მე არ მაწუხებს არც რომელიმე ცათამბჯენი ბათუმში და არც რომელიმე ახალი მშენებლობა, რომელსაც ბათუმელები ენერგიულად აპროტესტებენ ხოლმე იმ მოტივით, რომ ძველი ბათუმი ასეთი არ იყო. მე არ ვიცი, როგორი იყო ძველი ბათუმი – როგორიც დამხვდა, ისეთი შევიყვარე.

პირველად რომ ბათუმში მოვხვდი, ზამთარი იყო და როცა ახალგაზრდა ხარ (და ზამთრის სესიაც ჩავლილია, თავის ჩათვლებიან-გამოცდებიანად), ზამთარი როგორ შეგაშინებს, მით უმეტეს, ბათუმში. ისე თბილოდა, რომ ერთხელ ზღვაშიც კი ჩავედით, ტანსაცმლიანად. მახსოვს, რომ იმ დღეს ერთი ყუთი შამპანური გვაჩუქა ერთმა კეთილმა ბათუმელმა კაცმა და ყოვლად უხარისხო არაყსა და ღვინოს მიჩვეული სტუდენტები ისე დავეწაფეთ საბჭოურ, მაგრამ არომატულ შამპანურს, რომ საღამოს ღიღინით  მივადექით შავ ზღვას.

ისიც მახსოვს, რომ სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ერთი ზამთარი მაინც გამეტარებინა ბათუმში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. რამდენიმე წლის მერე მართლა დავრჩი ბათუმში გაზაფხულის დადგომამდე. შეიძლება მაშინ, იმ ზამთარს შემიყვარდა კიდეც სამუდამოდ ბათუმი, რადგან მხოლოდ იმ გრძელი ზამთრის დღეებში ზღვაზე გასვლისას, ძველი ბათუმის ხმებიც მოჰქონდა ტალღებს და ისიც კი მესმოდა, თუ რაზე ლაპარაკობდნენ აქ ძველი რომაელები, ოსმალები თუ ინგლისელები.

მაშინ წავიკითხე კიდეც ის წერილი, რომელიც რომაელმა ჯარისკაცმა გაუგზავნა გონიოდან დედას პირველი საუკუნის ბოლოს ან მეორე საუკუნის დასაწყისში და ყელგამოწეული სთხოვდა, საჭირო ნაცნობები ხომ გყავს, სხვა ადგილას გადამიყვანე, რადგან აქ, აფსაროსში, გამუდმებით წვიმს და ვეღარ ვუძლებო. ალბათ ასეთივე ზამთარი იყო მაშინაც, ოცი საუკუნის წინ. და ახლაც გადაუღებლად წვიმდა ბათუმში, მაგრამ მე არ მაწუხებდა წვიმა და მხოლოდ იმის დარდი მქონდა, რომ ჩემი შეყვარებული შორს იყო და ბათუმი კი ახლოს და მეც ბათუმი შემიყვარდა.

როცა აღარ წვიმდა, ბულვარში გავდიოდი ხოლმე და ზღვას ვუყურებდი, რომელიც ზოგჯერ მართლა შავი იყო და ზოგჯერ კი იმის წარმოდგენას ვცდილობდი, თუ როგორი იქნებოდა ეს ბულვარი მაშინ, როცა აქ, ქართული ღვინით და სიყვარულით მთვრალი სერგეი ესენინი დადიოდა. ესენინს ორი ქალი შეუყვარდა ბათუმში და როცა ისე  დათვრებოდა, რომ სიარული უჭირდა, იჯდა ბულვარში და მოსეირნე ბათუმელებს ფეხსაცმელების გაწმენდას სთავაზობდა. მისგან განსხვავებით, ნიკოს კაზანძაკისს მხოლოდ ერთი ბათუმელი ქალი შეუყვარდა, მაგრამ სამუდამოდ და სიცოცხლის ბოლომდე. ჩეხოვს, ჰამსუნსა და ბულგაკოვს [და კიდევ ბევრს] წერა უფრო შეუყვარდათ ბათუმში, ვიდრე რომელიმე ბათუმელი ქალი [და მაქსიმ გორკიმ კი, საერთოდ, მგონი, აქ დაიწყო წერა], მაგრამ ჩემთვის ლიტერატურული ბათუმის მთავარი პერსონაჟი მაინც ოთარ ჭილაძეა. მაინც ყველაზე ხშირად ბათუმში ყოფნისას მწერლებიდან ოთარ ჭილაძე მახსენდება ხოლმე და მით უმეტეს იმ ადგილას გავლისას, სადაც ადრე რკინის თეატრი იდგა. იმედია, მომავალშიც იქნება ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ზამთრის ბათუმი, როცა კიდევ ერთ წიგნს დავწერ.

მაშინ, ახლაგაზრდობაში, ის ზამთარი ეგრეთ წოდებულ „არქიტექტორების სახლში“ გავატარე, რომელიც საოჯახო სასტუმროსავით იყო და მოთხრობებს კი მაშინაც ვწერდი, მაგრამ კარგი რომანის დასაწერად მაინც პატარა ვიყავი და ბევრი რამ მაკლდა. ახლა კი პირიქითაა – ახალგაზრდა უკვე აღარა ვარ, გამოცდილებაც საკმარისად დამიგროვდა, ბევრი იდეაც და კარგი წიგნის დასაწერად მხოლოდ ზამთრის ბათუმი მაკლია.

თუმცა ბათუმი ისედაც ყოველთვის მაკლია…

მასალა მომზადებულია ჟურნალისთვის „ბათუმის გზამკვლევი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: