დღეს 9 ნოემბერს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა რომ ათი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც 2010 წელს წინა ხელისუფლებამ მაშინდელ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა, ძველ მეპატრონეებს დაუბრუნდათ. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებიდან, მხოლოდ ავტომობილების დაბრუნება არ არის სამართლიანობის აღდგენა და ხელისუფლების წინგადადგმული ნაბიჯი.
„მე არ მომწონს არც ეს ტემპი და არც კერძო საკუთრების დაბრუნების ფორმა. მარტო ავტომანქანების დაბრუნებაზე არ უნდა იყოს ხელისუფლება ორიენტირებული, რადგან 2010 წელს თუ უფრო ადრე ჩამორთმეული ქონების ღირებულება დაკარგულია, რადგან ამ ხნის მანძილზე ვიღაც ხომ სარგებლობდა ამ მანქანებით? ერთ-ერთი დაზარალებული მეუბნება, რომ ავტომანქანა რომელიც ჩამორთვეს შვიდი წლის წინ, დღეს ის უკვე უვარგისია.
მარტო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ასობით უძრავ-მოძრავი ქონებაა რეგისტრირებული, რომლის დაბრუნება შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. თუ პროცედურულად არსებობს რაიმე დაბრკოლება ამ ქონების დასაბრუნებლად, ხელისუფლებას შეუძლია სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს ეს ქონება ძველ მეპატრონეებს, რომლებსაც თავის დროზე უკანონოდ ჩამოართვა წინა ხელისუფლებამ“.
თამაზ ბაკურიძის თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა კერძო სახლები, მიწა და კიდევ სხვა ტიპის ქონება, თუმცა მათ დაბრუნებისთვის ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ იღებს.