სიახლეები

მასწავლებლების ნაკლებობა აჭარის სოფლის სკოლებში – განათლების სამინისტროს პროგრამამ პრობლემა ვერ აღმოფხვრა

09.10.2015 • 2567
მასწავლებლების ნაკლებობა აჭარის სოფლის სკოლებში – განათლების სამინისტროს პროგრამამ პრობლემა ვერ აღმოფხვრა

 

„მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები გვყავს, მაგრამ საკმარისი არ არის. სკოლაში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ფიზიკა არ ისწავლება, რაც შეეხება მათემატიკას – VII_VIII კლასებში არ ტარდება, ინგლისური კი – დაწყებითებში. გასულ წელს პროგრამით გვყავდა ფიზიკის პედაგოგი, ახალ სასწავლო წელს სხვა სკოლაში გადავიდა და ადგილი ვაკანტური დარჩა. ასევე პროგრამით გვყავდა მოწვეული ინგლისურის მასწავლებელიც, შემდეგ ადგილზე გამოინახა ინგლისურის პედაგოგი, 21 საათი აქვს, სხვა დარჩენილი საათები კი ვაკანტურია. იქედან გამომდინარე, რომ საატესტატო გამოცდა ფიზიკაში ტარდება, მოსწავლეების მშობლები ითხოვენ პრობლემის დროულად გადაჭრას და პედაგოგის გამონახვას, თუმცა ვერ ხერხდება.

 

რამდენიმე პედაგოგთან მქონდა თხოვნა, ვისაც ფიზიკა-მათემატიკა აქვს დამთავრებული, მუშაობა რომ დაეწყოთ, არ ისურვეს. სხვა არანაირი საშუალება არ გვაქვს პედაგოგის მოძიების“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

 

პედაგოგების ნაკლებობა მხოლოდ ამ სკოლის პრობლემა არ არის. მსგავსი პრობლემა შუახევის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაშია. ამავე მუნიციპალიტეტის მაწყვალთის საჯარო სკოლას მათემატიკისა და ინგლისურის პედაგოგი სჭირდება. სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე ამბობს, რომ გასულ წლებში ინგლისურს პროგრამით მოწვეული პედაგოგი ასწავლიდა, წელს კი არავინ დაინტერესდა პროგრამით სკოლაში მოსულიყო, რაც შეეხება მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას, ის აღნიშნავს, რომ სკოლას ორი პედაგოგი ჰყავდა, ერთი წავიდა და ვაკანსიაც გაჩნდა.


მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მოსწავლეები მაღალმთიანი აჭარიდან. მანანა ქველიაშვილის ფოტო


 

იმ შემთხვევაში, თუ მათემატიკის პედაგოგი არ გამოინახა, დირექტორი პრობლემის გადაჭრას ადგილობრივი კადრებით აპირებს, – ამბობს, რომ მათემატიკის მასწავლებელს მაქსიმალურად დატვირთავს, დარჩენილ საათებს სკოლის იმ პედაგოგებს გადაუნაწილებს, ვისაც შეუძლია მათემატიკა ასწავლოს.

 

„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, თუ ვინმე დაინტერესდება არსებული ვაკანსიით. ვაკანსიის არსებობის დროს საათების გადანაწილება არ შეიძლება, ვფიქრობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული გზა ვაკანსიის შესავსებად. შესაძლოა ფილოლოგიც კი ფლობდეს იმ დონეზე მათემატიკას, რომ V, VI, VII კლასს ჩაუტაროს გაკვეთილები ამ საგანში. მაქსიმალურად დავტვირთავ მათემატიკის პედაგოგს, დარჩენილ საათს კი ადგილობრივ კადრს გადავუნაწილებ, თუმცა ვიდრე საათების გადანაწილება მოხდება, გასაუბრებას გაივლის, აკმაყოფილებს თუ არა პედაგოგი იმ მოთხოვნას და ცოდნას, რაც მათემატიკის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭიროა,“ – ამბობს ჯემალ ზოიძე.

 

ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში მასწავლებლის 17 ვაკანსიაა. პრობლემურ საგნებში პირველ ადგილს აქ ინგლისური იკავებს, ასევე მოთხოვნაა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებზე.

 

პედაგოგების ნაკლებობის პრობლემა დგას ხულოშიც. ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის 20 სკოლაში არის მასწავლებლის ვაკანსია.

 

ხულოში საატესტატო გამოცდასა და ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილების 50% უცხო ენაზე, ინგლისურზე მოდის.

 

„სკოლებში არსებული ვაკანსიების 70% ინგლისური ენის პედაგოგზე მოდის, 30 პროცენტი კი ქიმიის, ფიზიკის და მათემატიკის პედაგოგებზე ნაწილდება, თავდაპირველად 45 სკოლაში იყო ვაკანსია, თუმცა ნაწილი საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებით შეივსო, მაგრამ არა სრულად“, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი.

 

მაღალმთიან აჭარაში პედაგოგების ნაკლებობა ვერც აჭარის განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში შეივსო. ამ პროგრამით პრობლემა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში გადაიჭრა. აღნიშნული პროგრამით ქედის, ხულოსა და შუახევის 24 საჯარო სკოლაში მასწავლებლის 30 ვაკანსია შეივსო; პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში 11 მასწავლებელი, შუახევში – 10, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში – 9 მასწავლებელი ასწავლის.

 

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე არსებული პრობლემის გადაჭრის გზას პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ზრდასა და ხელფასის მატებაში ხედავს. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ დაფინანსებას ზრდის და 2016 წლიდან პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პედაგოგები 100 ლარით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

 

სულიკო თებიძე: „ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამა მხოლოდ უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას ეხება. აღმოჩნდა, რომ ამ საგნების გარდა არის კიდევ სხვა საგნები, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ, მაინც ვერ შევავსეთ ვაკანსიები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი პროგრამით მუშაობს საქართველოს განათლების სამინისტრო, თუმცა მაინც რჩება პრობლემები. თუ არ გავხადეთ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული, არ მივუბრუნეთ ძველ ნიშნულს, დაფინანსების ზრდა ვერ იქნება პრობლემის სულყოფილად გადაჭრის გზა. წელს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში იმაზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე წინა წლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამით სოფელში წასულ მასწავლებელს მოემატება ხელფასი 100 ლარით და ახალი წლიდან დანამატი მთლიანობაში 500 ლარი იქნება. რაც შეეხება სკოლებში დღეს არსებულ ვაკანსიებს, ისევ გამოცხადდება კონკურსი. როგორ შეიძლება, მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა ფიზიკა ასწავლოს, თუ შესაბამისობა არ იქნება საგნებს შორის, ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიყვანს სკოლა სპეციალისტს.“

გადაბეჭდვის წესი