სიახლეები

აჭარის ტელევიზიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

13.10.2015
აჭარის ტელევიზიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

 

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ძირითადი ავტორი დეპუტატი პეტერ ზამბახიძეა, დამტკიცების შემთხვევაში „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ორ მუხლს შეეხება. ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების კანონით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას ითვალისწინებს.

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო ბიუჯეტიდან არანაკლებ 15%-ს იღებს. აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი წელს 6 მილიონზე მეტი ლარია. ახალი ინიციატივა აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტის 16%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. პეტრე ზამბახიძის თქმით, ეს დაახლოებით 380 ათასი ლარია.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, მაშინ, როგორც პეტრე ზამბახიძე ამბობს, 5-წევრიანი სამეურვეო საბჭოს დღემდე არსებული სახელფასო განაკვეთი 1%-დან 2%-მდე გაიზრდება. დეპუტატის თქმით, ეს ცვლილება აისახება ჟურნალისტების ზეგანაკვეთურ შრომაზე და ასევე ტელევიზიის ციფრულ გადაიარაღებას მოხმარდება.

 

მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონით, აჭარის ტელევიზიას უფლება აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ადმინისტრაციას დაუსაბუთოს თავისი ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა და შესაბამისად გაზრდილი თანხაც მოითხოვოს, კანონში ყოველგვარი ცვლილების შეტანის გარეშე. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია მიმართა თუ არა ანალოგიური წინადადებით აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს. „ამ კანონის მიღების შემდეგ სამი წელი გავიდა და არც ერთხელ არ გაუზრდია საზოგადოებრივ მაუწყებელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი“, – თქვა პეტრე ზამბახიძემ, ცვლილების აუცილებლობის არგუმენტად.

 

პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაიარეს როგორც აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ისე ტელევიზიის ადმინისტრაციამ.

 

თუ უმაღლესი საბჭო გაიზიარებს ამ ინიციატივას, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

 

დღეს საკითხი უმაღლეს საბჭოში ვერ განიხილეს. პეტრე ზამბახიძის თქმით, რადგან მომხსენებელი გიორგი მასალკინი ბიუროს სხდომას არ ესწრება, ამიტომ საკითხის განხილვა შემდეგი სესიისთვის გადაიდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: