შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მოშიმშილე პირებსა და აქციის ორგანიზატორებს კარვები კიდევ სამ ადგილზე აქვთ განთავსებული – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან ახლოს, სასტუმრო „პარაგრაფის“ სიახლოვეს პლაჟთან და გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბესო ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პლაჟთან განთავსებულ კარავში აქტივისტები ვეღარ მიდიან, რადგან მესამე დღეა პლაჟი ლოდებით ჩახერგეს. „კარავთან რომ მიხვიდე, ზღვაში უნდა შეცურო, ისე ვერ გადახვალ“, – გვეუბნება ბესო ქათამაძე.
მისი თქმით, პლაჟის ჩახერგვაში ჩართული იყო ოზურგეთის გარემოს ზედამხედველობის სამსახური, გურიის პოლიციის დეპარტამენტი და ოზურგეთის მერია.
„ტრაქტორი მოიყვანეს და უზარმაზარი არხი გაჭრეს, რომელიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა. ამ არხში ჩაედინება ფეკალური მასები, რომელიც ოლიგარქის სახლიდან გამოდის და ჩადის ზღვაში, მათივე სანაქებო „პარაგრაფთან“ ახლოს.
ჩვენ შეგვეზღუდა გადაადგილება, ვეღარ მივდივართ კარავთან, რადგან ჩაყრილია დიდი ლოდები. ზღვის სანაპიროსთან ფიჭვნარია ახლოს, სადაც ტურისტები გადადიოდნენ და ისინიც ვეღარ გადადიან“, – ამბობს ქათამაძე.
„საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია პლაჟის გამიჯვნა და ჩახერგვაც კაპიტალური და გაუვალი ნაგებობებით. ურეკში პლაჟის მსუბუქი გადახერგვისთვის 25-25 ათასი ლარით დააჯარიმეს ადამიანები და აქ რასაც აკეთებენ, ამისთვის პასუხი არავის მოეთხოვება“, – ამბობს ბესო ქათამაძე.
ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი 10 ივლისს დაუნგრიეს უცნობმა პირებმა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ აღნიშნული პირები იდენტიფიცირებულნი არიან, „ისინი „ციცინათელას“, „ბლექსი არენას“ და დენდროპარკის დაცვის ბიჭები იყვნენ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ“, – ამბობს ქათამაძე.
საპროტესტო აქციები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ყოველდღე იმართება თბილისში, პარლამენტის წინ. საპროტესტო აქციები ამავე მოთხოვნით იმართება შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინაც, სადაც მოშიმშილეებმა კარავი გამართეს.