სიახლეები

13 წლის მოზარდს ფერიის სკოლა-პანსიონი იძულებით დაატოვებინეს

14.10.2015 • 1638
13 წლის მოზარდს ფერიის სკოლა-პანსიონი იძულებით დაატოვებინეს

 

გიორგი
გიორგი

 

 გიორგი და მისი ოთხი წლით უმცროსი ძმა ფერიის პანსიონში შვიდი წელი ცხოვრობდნენ. მოზარდის ნათესავები გვეუბნებიან, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დღემდე არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. “ერთი თვის წინ ბავშვთა სახლის თანამშრომელი მოვიდა და ბავშვები მომიყვანა. ვუთხარი, რომ ვერ დავიტოვებდი, რადგან მე სახლში მწოლიარე ავადმყოფი მყავს და მეც ავად ვარ,” – ამბობს გიორგის ნათესავი ქალი, ნაზი. 


გიორგის ცხრა წლის ძმა ბავშვთა სახლში დააბრუნეს. კერძო სახლი, სადაც გიორგის ამჟამად ცხოვრება უწევს, სამი ძმის საკუთრებაა, გიორგი მამასთან ერთად სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა.

 

ოთახი გასარემონტებელი და მოუწესრიგებელია, ერთი ძველი საწოლი, დანგრეული კარადა და დაობებული სკამი დგას. გიორგის არც ტანსაცმელი აქვს და არც წიგნები. მოზარდის მამა უმუშევარი და ალკოჰოლდამოკიდებულია. დედას, როგორც გიორგის ნათესავები გვეუბნებიან, ბავშვებთან ურთიერთობა არ აქვს, ის იმერეთში ცხოვრობს და სხვა ოჯახი ჰყავს. როგორც მისი ნათესავი ნაზი ამბობს, მამა სამუშაოს იშვიათად შოულობს. “ბავშვი ნახევარჯერ მშიერია, არ ვიცი რა ეშველება, თუ უკან არ დააბრუნეს. ერთი-ორი წელი მაინც გააჩერონ, იქნებ რაიმე ხელობა ისწავლოს, თავი რომ ირჩინოს.”


სახლი, სადაც გიორგი ცხოვრობს
სახლი, სადაც გიორგი ცხოვრობს

 

ლევანი გიორგის ბიძაა. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მოზარდის და ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის კონფლიქტის ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია. „როგორც მითხრეს, უჩხუბია. დაბრუნებაზე აღარ დაგველაპარაკოო, ასე მითხრეს“.

 

საუბარში ოჯახის ნათესავი ქალი ერთვება: „იმ ქალმა, ვინც ბავშვები მომიყვანა, მითხრა, ერთი შანსი აქვს, დედაოს ბოდიში უნდა მოუხადოსო. მოიხადა ბავშვმა ბოდიში, მაგრამ მაინც არ დააბრუნეს.“

 

გიორგის ბიძა ამბობს, რომ გიმნაზია-პანსიონიდან მან ვერც ბავშვის ცნობა წამოიღო, რის გამოც გიორგის სხვა სკოლაში გადაყვანა მოხერხდა.

 

სკოლის გარეშე დარჩენილი 13 წლის მოზარდი სახლის გვერდით, ავტომანქანების სამრეცხაოში მუშაობს. „დღეში 5 ლარს უხდიან და ამით გააქვს თავი,“ – ამბობს ნაზი.

 

გიორგი კონფლიქტის მიზეზებზე ნაკლებად საუბრობს, თუმცა აღიარებს, რომ შეკამათება მოუვიდა. „მინდა, რომ დავბრუნდე,“ – ამბობს ის.

 

მოზარდის პრობლემას სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე სწავლობს. მისი თქმით, გიმნაზია-პანსიონის ხელმძღვანელობას მისთვის მოზარდის თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე, უნდა ეცნობებინა, სად გაუშვეს ბავშვი და რატომ. მათ კი მამას გამოატანეს ბავშვი და უთხრეს, არ დავიტოვებთო,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე. მისივე თქმით, მან მოზარდს ოზურგეთში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. „ბავშვი ამბობს, რომ ოჯახში ყოფნა უნდა, მაგრამ მე მას იქ ვერ დავტოვებ. მამას კი უყვარს ბავშვი, მაგრამ ალკოჰოლდამოკიდებულია და არც ბავშვისთვის შესაფერისი გარემოა სახლში. საოჯახო ტიპის სახლში კი ძალიან კარგი პირობებია. იმედი მაქვს, გიორგისთან მივაღწევთ შეთანხმებას. ამ ეტაპზე ის თანამშრომლობაზე არ მოდის“.

 

ქვეყანაში მოქმედი ნორმების მიხედვით, ერთი ოჯახის წევრების დაშორება დაუშვებელია. შესაბამისად, გიორგის საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანის შემთხვევაში, ფერიის გიმნაზია-პანსიონის დატოვება გიორგის უმცროს ძმასაც მოუწევს.

 

„ოზურგეთში ორი საოჯახო ტიპის სახლია და ორივეში კარგი მდგომარეობაა. ორივე ბავშვისთვის არის ადგილი. მთავარია შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან იძულებით ვერ წავიყვანთ, გამოვიქცევიო მამას ეუბნება. მოზარდთან ფსიქოლოგის მუშაობაც აუცილებელია,“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

 

სოცმუშაკი ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ფერიის გიმნაზია-პანსიონის ხელმძღვანელობისგან მოზარდთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღო. „ვერ მივაღწიე იმას, მითხრან რაშია პრობლემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვი ფსიქოლოგთან მივიყვანოთ“.

 

ფერიის გიმნაზია-პანსიონიდან ბოლო პერიოდში ხუთი მოზარდი გამოუშვეს, რომლებმაც, სოცმუშაკის თქმით, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი თბილისში გაიარეს.

 

„მე არ ვიცი ბავშვთა სახლში ფსიქოლოგი ჰყავთ თუ არა, მე არ ვიცნობ მას. ის ბავშვები, რომლებიც იქედან „რთული ქცევის“ მიზეზით გამოვიდნენ, 21 დღე მკურნალობდნენ ფსიქოლოგთან. `ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ~ გვეუბნებიან ხოლმე, მაგრამ არ ვიცი ამ „ყველაფერში“ რა შედის“, – ამბობს სოცმუშაკი.

 

გიმნაზია-პანსიონის დირექტორმა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. „არ არის საჭირო დეტალებზე საუბარი,“-  ასე ახსნა უარის მიზეზი სკოლა-პანსიონის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭელიძემ. დირექტორთან დაკავშირება სწორედ მისი მეშვეობით ვცადეთ. ეკატერინე ჭელიძის თქმით, სკოლა-პანსიონი თანამშრომლობს სოციალურ სამსახურთან და შესაბამის ინფორმაციასაც აწვდის. „ბათუმელების“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელობა მოზარდის დაბრუნების საკითხს, ეკატერინე ჭელიძემ უპასუხა: „ვნახოთ“.

 

13 წლის მოზარდი, როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადავიდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლში. ნინო ცეცხლაძე სოფლიდან ბავშვის ახლო ნათესავების ჩამოსვლას ელოდება და იმედი აქვს, რომ მოზარდთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარებიან.

 

ფერიის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სადაც ასზე მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. გიმნაზია-პანსიონიდან მოზარდების გამოძევების თუ გაქცევის ფაქტები წინა წლებშიც დაფიქსირდა. გასულ წელს გიმნაზია-პანსიონიდან 15 წლის გოგონა გამოიქცა.

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანაში კანონგარეშედ გამოცხადდა ისეთი ტიპის ბავშვთა დაწესებულებების არსებობა, სადაც ათზე მეტი მოზარდი ან ბავშვი 24-საათის განმავლობაში ცხოვრობს. კანონის მიხედვით, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ან მინდობით აღზრდაში უნდა გადავიდნენ, ან – მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში დღემდე 300-ზე მეტი აღსაზრდელი რჩება.


გადაბეჭდვის წესი