მთავარი,სიახლეები

“თამბაქო გადაჰქონდა” – ნარკოტიკის გაყიდვაზე სპეცოპერაციით დაკავებული ქალის და კაცის საქმე 

08.02.2019
“თამბაქო გადაჰქონდა” – ნარკოტიკის გაყიდვაზე სპეცოპერაციით დაკავებული ქალის და კაცის საქმე 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ქალს და კაცს, რომლებიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 თებერვალს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეცოპერაციით დააკავეს.

ვიდრე მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბრალდებულმა მუსტაფა ქ-მ მოსამართლეს უთხრა: “არსად გაქცევას აპირებს… ვაღიარებ და ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს”. ის თურქეთის მოქალაქეა.

მოსამართლისთვის არაფერი უთქვამს მეორე ბრალდებულს – იამზე მ-ს. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მისი სამი შვილი ქუთაისში ცხოვრობს, თვითონ კი ბოლო პერიოდი – ბათუმში, ნაქირავებ ბინაში.

მუსტაფა ქ-ს წინასწარ პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მოსამართლეს ადვოკატმა გირაო – 10 ათასი ლარი შესთავაზა, იამზე მ-ს შემთხვევაში – 2 ათასი.

“მისი სოციალური მდგომარეობა მძიმეა, არავინ ჰყავს… თუ გირაოს შეუფარდებთ, 50 დღეში შეძლებს ამის გადახდას,” – დასძინა ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ. მისივე თქმით, ბრალდებული ქალი “ნანობს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან” .

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ჯგუფურად იძენდნენ და ასაღებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ჯერ 29 იანვარს გაყიდეს ნარკოტიკი, შემდეგ კი – 6 თებერვალს, როცა ისინი დააკავეს. საუბარია ჯერ 0.04, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0.224 გრამი ბუპრენორფინის შეძენასა და გასაღებაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, იამზე მ-ს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის, მუსტაფა ქ.-ს კი, 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.

სასამართლო პროცესს მხოლოდ იამზე მ-ს ახლობლები ესწრებოდნენ. ბრალდებულის ქალიშვილი პროცესს ვერ დაესწრო, რადგან ის სასამართლოში მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.

“ვერაფერს გეტყვით… ვიცით, რომ ის ამას არ იზამდა. ეს კაცი ორჯერ იყო სტუმრად, ეს ვიცით…”- გვითხრეს ბრალდებულის ახლობლებმა, ვიდრე ისინი სასამართლოს შენობას დატოვებდნენ.

დანაშაულის ჩადენის არც ირა სმიკოვას სჯერა. ის ბათუმში ბრალდებულის მეზობლად ცხოვრობდა.

“ჩვენ შვიდი წელია ვიცნობთ ერთმანეთს… ის პერიოდულად გადადიოდა და თამბაქოზე ვაჭრობდა, ხანდახან ტანსაცმელიც გადმოჰქონდა… აიძულეს ალბათ აღიარება. ვიცი, რომ წიგნი მისცეს საზღვარზე და იმაში აღმოჩნდა ნარკოტიკი. შეიძლება, ვერ გააცნობიერა რა მოხდა,” – გვითხრა ირა სმიკოვამ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: