განათლება,მთავარი,სიახლეები

მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს

30.11.2018 • 5573
მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„განათლების სამინისტრო 2020 წლისთვის ისედაც გეგმავს საატესტატო და ეროვნული გამოცდების ფუნდამენტურ ცვლილებებს, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს 2019 წელსაც. ამაზე მიმდინარეობს სამინისტროსთან კონსულტაციები.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გადაბარებას, არის შემთხვევები, როცა მოსწავლე თითქმის ყველა საგანს აბარებს და ერთ ან ორ გამოცდაში ჩაჭრის გამო, ეცვლება სამომავლო გეგმები, მაშინ, როცა ეს საგნები შესაძლოა არ იყოს მისთვის პროფილური და არ სჭირდებოდეს სწავლის გასაგრძელებლად“.

მარიამ ჯაშის თქმით, წარმატებულ მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საატესტატო გამოცდა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გადააბაროს, მაგრამ თუკი მაინც ჩაიჭრება აღნიშნულ საგნებში, მაშინ მომდევნო წელს მოუწევს გადაბარება.

„თუკი ჩვენ დღეს გვაქვს რვა სავალდებულო საატესტატო გამოცდა, მინიმალური გამოცდების გადაბარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

ჩვენი განათლების სისტემა დღეს ზედმეტად ფოკუსირებულია ტესტების ჩაბარებაზე და ნაკლები დრო ეთმობა შემოქმედებით და შინაარსობრივ ნაწილს. ვფიქრობ, პირიქით უნდა მოხდეს – უნდა შეიცვალოს ხისტი საატესტატო სისტემა, რომელმაც შეიძლება წარმატებული ბავშვი ერთი შეცდომის გამო დატოვოს დიდი იმედგაცრუების და შემდგომი განათლების გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე“, – გვეუბნება ჯაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ფუნდამენტური რეფორმა გულისხმობს თუ არა იმას, რომ შესაძლოა გაუქმდეს საატესტატო გამოცდები და უმაღლესში მოსწავლეებმა მხოლოდ პროფილური საგნის გამოცდებით ჩააბარონ? – მარიამ ჯაში ამბობს, რომ თუკი რომელიმე გამოცდის გაუქმებაზე იქნება საუბარი, პირველ რიგში, გამოცდებს შორის დუბლირება უნდა აღმოიფხვრას.

„ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავადასტურებ დეტალებს, რადგან არსებობს სხვადასხვა გამოცდილება, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ისაუბრებს. არ მინდა გაჩნდეს მოლოდინები, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის“, -გვეუბნება ის.

რა შეიცვლება 2020 წლისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები, ჯერჯერობით, არც განათლების სამინისტროში აქვთ და არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებს აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებენ: „თუმცა, რა ცვლილებები იქნება, ამაზე უახლოეს პერიოდში გვექნება შეფასებები, როგორც დამამთავრებელი კლასების, ასევე ეროვნული გამოცდების შესახებ“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ კონსულტაციები ყველა მხარესთან მიმდინარეობს. „თუ რა და როდის შეიცვლება, 2019 წლის დასაწყისში იქნება გამოქვეყნებული“.

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელისა და პედაგოგის, მუხრან გულიაშვილის აზრით, ე.წ CAT-ის გამოცდები არ შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს – ის არ ამოწმებს იმ უნარების განვითარებას მოსწავლეებში, რაც ჩამოწერილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში.

„ის ამოწმებს მხოლოდ დაზეპირების უნარს. ამიტომ, თავისი შინაარსით, საატესტატო გამოცდები საჭიროებს ძირეულ რეფორმას, სასკოლო სისტემის რეფორმასთან ერთად“, – გვეუბნება გულიაშვილი.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გადაბარებას, მისი შემოღებით, სასკოლო განათლება იმ არაფორმალურ მიზანსაც დაკარგავს, რაც ამ გამოცდებიდან გამომდინარე აქვს:

„მაღალი კლასის მოსწავლეები დაკარგავენ ყველანაირ მოტივაციას იარონ სკოლაში, თუნდაც იმ ცოდნის მისაღებად, რასაც დღეს ამ გამოცდებით იღებენ. მე მაინც მგონია, რომ ეს ინიციატივა არის უფრო პოლიტიკური, მოსწავლეების გულის მოგებაზე გათვლილი, ვიდრე რეალური ცვლილების სურვილი განათლების სისტემაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: