შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა


„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან.

„შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს ატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს, გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი. დარჩენილი წევრებიც, ვფიქრობ, ძალიან მალე დატოვებენ პარტიას“, -ამბობს ის.

კითხვაზე, ის რომ პარტიის ლიდერები არასდროს მალავდნენ პოლიტიკურ სიმპათიებს რუსეთის მიმართ, იყო თუ არა მისთვის უფრო ადრე ცნობილი და ჰქონდა თუ არა ამაზე საუბარი პარტიის ლიდერებთან? ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ის პარტიის პრორუსულ პოლიტიკას მანამდეც აკრიტიკებდა.

„მქონდა პარტიაში ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დაფიქსირებული. დღეს კიდევ ვაფიქსირებ და თან ვტოვებ პარტიას. მე პატრიოტად მივიჩნევ ადამიანს, რომელიც ქვეყნის, ხალხის სასიკეთოდ მოქმედებს, მოსახლეობის გვერდით დგას და არა ადამიანს, რომელიც გარკვეული ფულის სანაცვლოდ, თამაშობს სხვადასხვა როლს“, – ამბობს ფუტკარაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „გარკვეული ფულის სანაცვლოდ“ სხვადასხვა როლის თამაშში, ფუტკარაძე ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ფინანსურ სარგებელს იღებს მმართველი პარტიისგან.

„დღეს არის დაგეგმილი პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე, სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია და „ქართული ოცნების“ ფინანსური სახსრები იხარჯება სოფლებიდან ადამიანების მობილიზებაში.

ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ პარტიის დატოვების შესახებ „პატრიოტთა ალიანსი“ ინფორმირებული არ არის და ის ამის შესახებ, დღეს, ბრიფინგის შემდეგ გაიგებს.

ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ დანარჩენი ათი წევრი, რომლებმაც პარტია დატოვეს, ბათუმში ბრიფინგზე, უამინდობის გამო ვერ ჩამოვიდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com