მთავარი,სიახლეები

„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

13.11.2018 • 2080
„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან ერთად. გიორგის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი ქუთაისიდან ბრუნდებოდა და ტაქსით თამარის დასახლებაში უნდა მისულიყო. სახლთან მისვლამდე, გიორგიმ ტაქსის მძღოლს მანქანის გაჩერება სურსათის მაღაზიასთან სთხოვა. მაღაზიიდან გამოსული გიორგი პოლიციელებმა შეაჩერეს და პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს.

„ამ დროს გიორგის ჩანთა ტაქსიში დარჩა,“ – გვიყვება ადვოკატი რამინ პაპიძე. – „მას მანქანაში ეუბნებოდნენ, რომ დანაშაული უნდა აღიაროს… პოლიციელებმა ჩხრეკა დაიწყეს და ტაქსში დარჩენილი მანქანიდან იარაღს იღებენ. გიორგი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც ის არ იცნობს, ჩხრეკის დაწყებამდე უთხრა, რომ ასე იოლად ვერ დააღწევდა თავს პოლიციას. გიორგის მანამდე თამარის დასახლებაში მდებარე იგივე მეხუთე განყოფილება ქურდობას ედავებოდა, თუმცა დანაშაული ვერ დამტკიცდა და იგი სასამართლომ გაამართლა. გიორგის თქმით, იმ პოლიციელს ჩვენება არ მიუცია სასამართლოში და რეალურად სხვა პირები გამოჩნდნენ საქმეში, ისინი, ვინც დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში არ მონაწილეობდნენ“.

სასამართლო პროცესზე ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, აქედან სამი პოლიციელი მეხუთე განყოფილებიდან იყო, ორი გამომძიებელი და ორიც ექსპერტ-კრიმინალისტი.

„ნახეთ საქმის მასალები… ერთი პოლიციელი ამბობს, რომ მანქანით მივდიოდით, ჩვენ წინ მიდიოდა ბრალდებული და დავაკავეთო. მეორე ამბობს, ჩავუარეთ ტაქსს, მოვიხედეთ უკან და ის გადმოვიდა მანქანიდან და მერე მივედით მასთანო, მესამე კი ყვება, რომ სადარბაზოსთან შედიოდა და ამ დროს დავაკავეთო… მთავარი მომენტი მაინც იყო ორი პოლიციელი მეხუთე განყოფილებიდან, რომლებმაც თქვეს, რომ გიორგის დაკავების შემდეგ, გამომძიებელი და ექსპერტები საკუთარი მანქანით წავიდნენ, ერთი პოლიციელი განყოფილებაში ფეხით დაბრუნდა, ხოლო ჩვენ დავაკავეთ მამულაძე და ორივე გვერდით მივუჯექით მანქანის უკანა სავარძელზეო. ჩემს კითხვას, ვინ იჯდა საჭესთან, პოლიციელებმა ვერ გასცეს პასუხი. „არ ვიციო“, – ასე მიპასუხეს,“ – აღნიშნავს რამინ პაპიძე.

საქმის განმხილველ მოსამართლეს, გიორგი გრატიაშვილს, ადვოკატმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენა საქმეზე, სადაც ასევე დაფიქსირდა პოლიციელთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. კობა კვირიკაძეს გამოძიება ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. კობა კვირიკაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა იმ მოტივით, რომ შეფუთვაზე ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, ანუ თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ  გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ იგი ძალაში დატოვა. იგივე კობა კვირიკაძე განსხვავებული მოტივით მიიჩნია გამართლებულად უზენაესმა სასამართლომ – პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და არა გენეტიკური პროფილი, რომელიც ექსპერტების თქმით, შესაძლოა ნივთზე ფიზიკური შეხების მიუხედავად მაინც არ დარჩეს.

„პოლიციელების ჩვენებების წინააღმდეგობა გიორგი მ-ს საქმეშიც დაადასტურა სასამართლომ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა თქვა, რომ ამის მიუხედავად, სასამართლო მაინც დარწმუნდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენაში. რეალურად ვერ ახსნა სასამართლომ, რატომ მოხდა ასე, გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია“,  – გვითხრა ადვოკატმა.

იყვნენ თუ არა ე.წ. ნეიტრალური მოწმეები გიორგი მ-ს საქმეში? – ადვოკატის თქმით, პოლიციელების გარდა სასამართლოს ჩვენება მხოლოდ ტაქსის მძღოლმა მისცა, რომელმაც თქვა, რომ მანქანიდან ჩანთა თავად ბრალდებულმა გადმოიღო ჩხრეკის დაწყებამდე.

გიორგი მ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: