„ხელისუფლებას არ სურს საზეიმო რიტუალის ჩატარება პროტესტის ფონზე, მაგრამ ადამიანების მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მარტივია…“ – ამბობს თომა კაკაბაძე. იგი ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციაზე მივიდა. აქციაზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
„კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილომოკლულ მამებს“ – ამ ტრანსფარანტებს იმ კარავზე ნახავთ, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბათუმშიც გაშალეს.
„ვაპროტესტებ იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ მოხდა მკვლელობის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ჩემთვის გაუგებარია, რა უშლის ხელს ამ პროცესს. არ ხდება გამოძიება და ამ ფონზე ადამიანებს ყოველ ჯერზე ექმნებათ ბარიერი პროტესტის გამოხატვის დროს, ამაშიც უშლიან ხელს. მე რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი შვილმოკლული მამების ადგილზე, ვფიქრობ, რომ შეიძლება უარესი გამეკეთებია,“- აღნიშნა თომა კაკაბაძემ.
მოქალაქის მსგავსად სიტყვას „გაუგებრობა“ ახსენებს მალხაზ ჭკადუაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი. „თანაგრძნობის ნიშანწყალიც კი ვერ დავინახეთ ამ ადამიანების მიმართ. აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების დამოკიდებულება“, – გვითხრა მან.
რასთან გვაქვს საქმე, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება შედეგზე ვერ გადის, ხოლო საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას უზღუდავენ?
„ცხადია, ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული. ეს ადამიანი ერთი წელია ითხოვს რეალური დამნაშავეების დასჯას. სისტემურ დანაშაულში გადავიდა უკვე ეს ყველაფერი, რადგან ცხადია, ხელისუფლების არცერთი შტო არ არის ადეკვატური რეაგირების დროს. ერთადერთი ადამიანი, ვინც გუშინ ისაუბრა კარვის გაშლის კანონიერებაზე უმრავლესობიდან იყო თამარ ჩუგოშვილი, თუმცა ეს ერთი განცხადება არ ცვლის მოცემულობას. აქ ვდგავართ იმიტომ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მისამართით არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან. ჩვენ ყველას ერთნაირად გვტკივა ეს პროცესი და გვინდა ერთნაირად ყველგან სამართლიანობა დამყარდეს. ეს არის ჩვენი სათქმელი“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
რა ძალა აქვს ამ დროს სოლიდარობას?
ნათია სირაბიძე, მოქალაქე: „თითოეულმა ადამიანმა უნდა აიმაღლოს ხმა და სოლიდარობა გამოუცხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ შვილების მკვლელების დასჯას, საქმის გამოძიებას. თუ ერთმანეთს არ დავუდგებით გვერდით, დრო მოვა და ჩვენ რომ შეგვემთხვეს რამე, არც ჩვენ დაგვიდგება ვინმე გვერდით. უნდა მივანიშნოთ ხელისუფლებას, რომ ხალხი არ დახუჭავს თვალს მსგავს უსამართლობაზე. ხელისუფლებას აღიზიანებს კარავი და ამას გვიზღუდავენ – თავიდან განცხადებები გაკეთდა, რომ არ ჰქონდათ უფლება, შემდეგ თქვეს, რომ ჰქონდათ. მე ვფიქრობ, უბრალოდ არ უნდათ, რომ მასობრივი სახე მიიღოს ამ ყველაფერმა და მოქალაქეებმა დაინახონ ყოველდღე ეს პროტესტი.“
გუშინდელ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლის შეზღუდვას დღეს, 11 ნოემბერს, გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მან თქვა, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია.
გიორგი ხიმშიაშვილი, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, შს მინისტრის განცხადებას არადამაჯერებელს უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ისევ ცდილობს სამოქალაქო სექტორის „მავნე ჯგუფად“ წარმოჩენას.
„საუბარი დესტაბილიზაციაზე, რომ თურმე იქ დანაშაულებრივი ქმედების პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან გუშინდელი აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო სექტორი. მინისტრის ეს განცხადება, ფაქტობრივად, გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელიც დაიწყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ, როგორც საზოგადოებისთვის მავნე ჯგუფს. ის, რომ არსებობდა დესტაბილიზაციის საფრთხე, ამას სჭირდება მეტი დასაბუთება და არგუმენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო წინა შემთხვევებზეც აცხადებდა, რომ დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით მოხდა კარვების დადგმისკენ ხელშეშლა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სამინისტრომ ვერანაირი ობიექტურად დასაბუთებული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ეს ამ უკანონობის გაგრძელებაა და ამან მიიღო შეუქცევადი ხასიათი. კონსტიტუციური უფლება არის უგულებელყოფილი. კონსტიტუცია არ არის მხატვრული ნაწარმოები, ის არის ფუნდამენტი ნებისმიერი ადამიანისთვის და სახელმწიფომ უდნა დაიცვას ნებისმიერი ადამიანის უფლება,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
„დესტაბილიზაციის მოწყობას აქ მხოლოდ პოლიცია ცდილობს,“ – ასე უპასუხა შს მინისტრის განცხადებას დღეს ზაზა სარალიძემ. საპროტესტო აქცია თბილისში გრძელდება.