მთავარი,სიახლეები

„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

09.11.2018 • 1876
„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ.

„სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა ჩაძინებული მნახა. საღამოს კი მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან, ბრძანების ჩაბარებაზე უარი ვთქვი, რადგან არაფერი დამირღვევია გაფრთხილების მერე,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ონისე დავითაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, დამსაქმებელი სისტემატურად არღვევდა შრომით უფლებებს. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულს აქ მხოლოდ ღამის საათებში უნდა ემუშავათ სამ დღეში ერთხელ.

„რეალურად კი ყველა ღამე მიწევდა მორიგეობა. 14-15 საათი გვიწევდა მუშაობა, შენობაში შესვლის უფლებაც კი არ გვქონდა ჩვენ. ღამღამობით გარეთ ცეცხლს ვანთებდით და იქ ვიჯექით. არასდროს დამატებითი შრომის ანაზღაურება ჩვენთვის არ გადაუხდიათ. მე აგვისტოდან ვმუშაობ აქ და ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა, ხელფასი 600 ლარია,“ – გვითხრა ონისე დავითაძემ.

კომპანიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. „მე არა, სულ უფროსმა უნდა ისაუბროს,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში კომპანიის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, უსუფ მუშტაფიევმა.

აქციაზე გამოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი – ილია ვერძაძე. ის კომპანიის წარმომადგენლებს ახლა ხვდება.

„როგორც გავიგე, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ეს ადამიანები გამოსაცდელი ვადით ჰყავდა აყვანილი და გაუშვა. ზეგანაკვეთურ მუშაობას ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ისინი ფიქრობენ, პროტესტის რა ფორმას უნდა მიმართონ,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

დეპუტატი და ამავდროულად პროფკავშირების ხელმძღვანელი აჭარაში, ილია ვერძაძე ტელეფონს არ პასუხობს.

ამ თემაზე:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: