მთავარი,სიახლეები

შშმ პირთა საოჯახო სახლი დაიხურა – მთავრობა დაფინანსებას აჭიანურებს

06.11.2018 • 1493
შშმ პირთა საოჯახო სახლი დაიხურა – მთავრობა დაფინანსებას აჭიანურებს

თბილისში შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლი დაიხურა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხუთი ადამიანი, რომლებიც აქამდე ამ სახლში ცხოვრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ სხვა საოჯახო სახლებში გადაიყვანა.

აქამდე ორგანიზაციას – „ხელი ხელს“ ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პირთათვის ექვსი საოჯახო ტიპის სახლი ჰქონდა: სამი თბილისში და სამიც – გურჯაანში. საოჯახო სახლებში სულ 28 შშმ პირი ცხოვრობდა – თითო სახლში 5-6 ბენეფიციარი. თბილისში განთავსებული ერთი სახლის დახურვის შემდეგ ბენეფიციარები ხუთ სახლში გადაანაწილეს, რაც, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, არ იყო სასურველი, რადგან ადამიანები შეჩვეულ გარემოს მოსწყდნენ.

ორგანიზაციას აქამდე ძირითადად ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებდა, თუმცა ფონდი 2018 წლიდან ამცირებს ამ მიმართულებით დაფინანსებას. ორგანიზაციის განცხადებით,  დღეისთვის, სახელმწიფო დაფინანსება შშმ პირთა საოჯახო სახლებში მცხოვრებთა საჭიროების მხოლოდ 50% ფარავს, რაც არ არის საკმარისი.

„კმაყოფილება, ღირსების შეგრძნება, ჯანმრთელობის ხარისხი საოჯახო ტიპის სახლებში მაღალია. დიდ ინსტიტუციებში მცირდება ადამიანის დამოუკიდებლობის ხარისხი, უარესდება  მენტალური მდგომარეობა, ადამიანი ხდება სხვაზე დამოკიდებული, არ არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და იზოლირებულია. პრაქტიკულად არ არსებობენ ეს ადამიანები, როგორც საზოგადოების წევრები. თუ 70-80 %-მდე გვჭირდებოდა გარედან თანადაფინანსება, ახლა 50 %-მდე დავიდა ეს მაჩვენებელი, რადგან ჩვენი ბინადრები მუშაობენ, რეალიზდებიან, ხელფასი აქვთ და საკუთარ, ელემენტარულ საჭიროებებს ხშირ შემთხვევაში უზრუნველყოფენ,“ – გვეუბნება მაია შიშნიაშვილი, ორგანიზაცია „ხელი ხელს“  დამფუძნებელი.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ურჩევნია დააფინანსოს დიდი ინსტიტუციები, რომლებიც არაეფექტური, მოუქნელი და დისკრიმინაციულია და არ აწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსება, რადგან ამ ტიპის სახლებზე მოთხოვნა მაღალია. გარდა ამისა, მისი თქმით, სისტემას აქვს ერთგვარი შიშიც სიახლეებისა, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შშმ პირთა საკითხები აქტუალურია მხოლოდ მათთვის, ვისაც ეს პრობლემები პირადად, პირდაპირ ან ირიბად ეხება: ჰყავს შშმ ოჯახის წევრი, ახლობელი ან თავად აქვს გარკვეული უნარი შეზღუდული.

თამარა საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. თავად ყვება, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამ გარემოში, როგორ დასაქმდა და საზაფხულო დასვენების  როგორი გეგმები აქვს.

5 ნოემბერს მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებდამცველებმა და ოჯახის წევრებმა ღია წერილით მიმართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მოითხოვეს, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს შშმ პირთა საცხოვრებლების დეინსტიტუციონალიზაციას და ისეთი ტიპის საოჯახო სახლების საბაზისო დაფინანსების ვალდებულება აიღოს, როგორშიც თამარა ცხოვრობს.

„საქართველოში 730 ადამიანი ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. მათგან, 448 ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკებში, 252 კი პანსიონატებსა და სათემო ორგანიზაციების დიდი ზომის საცხოვრისებშია მოთავსებული.

წლების წინ ამ ადამიანების საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებული სათემო ორგანიზაციების დაფინანსება კი დღეს იმდენად არაადეკვატურია, რომ ასეთი ორგანიზაციების განვითარება კი არა, უკვე არსებულთა ყოფნაც თავის მოტყუება და პროფანაციაა. ამ ფონზე დღეს საქართველოში მხოლოდ 25 ადამიანი იმყოფება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, საოჯახო ტიპის, ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში, სადაც ხდება მათი ნამდვილი ინკლუზია და მაქსიმალური ხარისხით შესაძლებლობათა რეალიზაცია.“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კოალიციამ – „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამოცემა „ლიბერალის” საშუალებით 5 ნოემბერს გაავრცელა.

მამუკა ბახტაძისადმი მიმართვის წერილში მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებდამცველები და ოჯახის წევრები მოითხოვენ:

  1. მოხდეს 2019 წლის ბიუჯეტის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი, ოჯახური ტიპის საცხოვრებლის“ კომპონენტის დაფინანსების გაზრდა 16 ლარიდან 32 ლარამდე (რეალური ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით);
  2. შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს,  სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს. შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არც ერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე;
  3. შემუშავდეს „ჭიშკრის დარაჯობის მექანიზმები“, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში.

 

მთავარ ფოტო: ორგანიზაცია „ხელი ხელს” ფეისბუქგვერდიდან.

გადაბეჭდვის წესი