ნეტგაზეთი • RU

შსს: ბათუმში ცხელ კვალზე ორი პირია დაკავებული ძარცვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი ძარცვის, ქურდობის, ქურდობის მცდელობის, თაღლითობისა და ძალადობის ფაქტები გახსნეს.

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ. გ. და 1998 წელს დაბადებული ა.ღ. ძარცვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივნისს, გამთენიისას, თანამზრახველთან – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-სთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც სხვადასხვა დასახელების სიგარეტი და ფული გაიტაცეს.

შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები მხილებული არიან სხვა დანაშაულებშიც, კერძოდ: მ.გ.-მ მიმდინარე წლის 17 მაისს ბათუმში მდებარე სწრაფი კვების ობიექტიდან 190 ლარი მოიპარა; იმავე დღეს, ა.ღ. ბათუმში მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ მობილური ტელეფონს; 18 ივნისს კი, ღამით, მ.გ.-მ ბათუმში მდებარე სასურსათო მაღაზიის გაქურდვა სცადა, რაც სიგნალიზაციის ჩართვის გამო ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; იმავე დღეს, მ.გ.-მ, ა.ღ.-მ და მ.შ.-მ ბათუმში პურპროდუქტების საცხობიდან 1000 ლარი მოიპარეს და მიიმალნენ.

21 ივნისს მ.გ.-მ, ა.ღ.-მ და მ.შ.-მ, თანმხლებ პირთან – 1993 წელს დაბადებულ გ.შ.-სთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვის სამსახურ „ვიქტორია სექურითის“ თანამშრომელს – მ.ო.-ს, რის შედეგადაც იგი გადაყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მ.შ.-ს დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება ძარცვის, ქურდობის, ქურდობის მცდელობის, თაღლითობისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 177-ე, 19-177-ე, 180-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.