მთავარი,სიახლეები

რა იცვლება ხვალიდან სისხლის სამართლის კოდექსში

21.06.2018
რა იცვლება ხვალიდან სისხლის სამართლის კოდექსში

ხვალიდან, ანუ 22 ივნისიდან, სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე სასჯელის კონკრეტული სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა ამოქმედდება. სასჯელის ეს სახე მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება შეეფარდოს ადამიანს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

სასჯელის ეს სახე გულისხმობს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების ან გამოყენების შეზღუდვას და აკრძალვას.

22 ივნისიდან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა მოსამართლეებმა შესაძლოა გამოიყენონ შემდეგ დანაშაულებზე: განზრახ მკვლელობა, თვითმკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ძალადობა, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი ხასიათის დანაშაული, პროსტიტუციაში ჩაბმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, იძულება, ქორწინების იძულება, მუქარა, ადევნება, ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება, შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საია-ს იურისტის პაატა დიასამიძის განმარტებით, ცვლილებების მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან, ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით.

”ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა,” – ამბობს პაატა დიასამიძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: