ნეტგაზეთი • RU

ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში

გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს.

„ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც მერია სატენდერო პირობით ითხოვდა [საავტომობილო გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაცია], თუმცა მათ მიერ შესრულებული სამუშაო კომისიამ არ ჩათვალა ქუჩების კეთილმოწყობად.

„გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები სწორედ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რის ფარგლებშიც, უშუალოდ სავალი ნაწილი იქნა მოწყობილი. ყველა წარდგენილ ხელშეკრულებას თან ახლავს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აშკარად ჩანს რომ, სამუშაოების ფარგლებში დაგებულია საგზაო ფილები, რომელიც გამოიყენება ქუჩების კეთილმოწყობისთვის და ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ასრულებს ასფალტირება, ბეტონირება და ა.შ.
გაუგებარია, თუ არა გზების, ქუჩების რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, რეაბილიტაცია მაშინ რა სამუშაოებს წარმოადგენს ჩვენს მიერ წარდგენილი [შესრულებული] სამუშაოები.
ამასთან, თუ შემსყიდველი აქცენტს აკეთებს უშუალოდ ასფალტირებაზე, ამ შემთხვევაში, მას სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ჰქონოდა დაკონკრეტებული სწორედ ასფალტირების სამუშაოები და არა ზოგადი, გზების, ქუჩების რეკონტრუქცია\მოდერნიზაცია\რეაბილიტაცია“ – აცხადებენ „ნიუ სთაილში“.

კომპანია ითხოვს გაუქმდეს ბათუმის მერიის სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და ხელახლა განხორციელდეს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება.

გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 15 მაისს დასრულდა. სატენდერო თანხა 213 463 ლარი იყო. „ნიუ სთაილმა“ მერიას სამუშაოების ჩატარება 187 277 ლარად შესთავაზა, მეორე კომპანიამ [„ბონდი-2009“] კი – 188 000 ლარად. ორთავე კომპანია ბათუმშია რეგისტრირებული.

დავების საბჭო „ნიუ სთაილის“ საჩივარს 29 მაისს განიხილავს.

ანდრია პირველწოდებულის პირველი შესახვევის სიტუაციური გეგმა სატენდერო დოკუმენტებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com