განათლება,მთავარი,სიახლეები

სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ

02.05.2018
სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება.

როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია ბიუჯეტიდან გამოყოფილი ამ პროგრამის განხორციელებისთვის.

„ბათუმელები“ ლტოლვილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას 5-დან 17 წლამდე 105 ბავშვი ელის, ამავე ასაკის 287 ბავშვს კი სტატუსი მინიჭებული აქვს. „აქედან ყველა ბავშვი დადის თუ არა სკოლაში, ამ ინფორმაციას არ ვფლობთ“, – გვეუბნებიან სამინისტროს პრესსამსახურში.

ლტოლვილი ბავშვები საქართველოს 24 საჯარო სკოლაში სწავლობენ – უმეტესობა თბილისის სკოლებში, ნაწილიც რეგიონებში. ლტოლვილი ბავშვები ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან.

„ყველა საგნის მასწავლებელი უნდა გადამზადდეს, იმ სკოლებში, სადაც ლტოლვილი ბავშვები სწავლობენ. მასწავლებლებს მიეწოდებათ გარკვეული ცოდნა და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მათ შექმნან კეთილგანწყობილი გარემო ბავშვების ინტეგრაციისთვის სასკოლო საზოგადოებაში“, – გვეუბნება სამოქალაქო განათლების კონსულტანტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, ნინო გვარამაძე.

მისი თქმით, ლტოლვილ ბავშვებს ენობრივი ბარიერებიც აქვთ, ამიტომ მათთვის ტოლერანტული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.

„ინტეგრაციის პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს, რადგან ეს ბავშვები მოსული არიან  განსხვავებული კულტურული, პოლიტიკური გარემოდან და ძალიან რთული დღეები აქვთ გამოვლილი. ამიტომ, მასწავლებლებმა რომ იცოდნენ როგორ შექმნან მათთვის ინტეგრირებული გარემო, ამისათვის სჭირდებათ დატრენინგება“, – გვეუბნება ნინო გვარამაძე.

როგორც კონსულტანტი გვეუბნება, დაახლოებით ივნისში ტრენერების გადამზადება დაიწყება, შემდეგ კი პედაგოგების.

პროგრამა, – „სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ლტოლვილ მოსწავლეთა ინტეგრაციისთვის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

პრეზენტაციას გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) რეგიონული მისიის ხელმძღვანელი იოჰანეს ფან დე კლაუმიც ესწრებოდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: