სიახლეები

ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს

25.04.2018
ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილ წყალთან მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება მოაწესრიგებს. მოსახლეობის თქმით, ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის თანხა ამიტომ გამოყვეს.

„წყალზე მოთხოვნა დიდია, არამარტო ადგილობრივი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან წყლის წასაღებად. წყალი რომ აავსო, მისასვლელი ბილიკიც კი არ არის, შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიას მოვაწესრიგებთ,  წყალთან მისასვლელი ბილიკი მოეწყობა, დამატებით კი რეზერვუარს დავაყენებთ, რომ დიდხანს არ მოუხდეთ ადამიანებს ლოდინი,“ – ამბობს მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე.

ბუთურაულის წყლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 750 ლარია გამოყოფილი, ამ თანხით წყლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა, გარე განათება, წყალთან მისასვლელი ბილიკისა და დაახლოებით ორტონიანი რეზერვუარის დაყენებაა დაგეგმილი. ამ მომსახურების განსახორციელებლად შუახევის მერიამ ტენდერი 35 750 ლარზე გუშინ, 24 აპრილს, გამოაცხადა.

მერის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც  ბუთურაულის წყლის სამკურნალო თვისებას ოფიციალურად დაადასტურებს, არ დასრულებულა და შესწავლა მიმდინარეობს. რუსუდან შავაძე იმასაც დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წყლის სამედიცინო თვისებები ოფიციალურად დადასტურდება, წყალთან მისასვლელად შუახევის მერია საავტომობილო გზას გაიყვანს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/93389/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: