მთავარი,სიახლეები

როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

07.06.2014 • 56251
როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

ონკოქირურგ თემურ გოგიტიძის განმარტებით, ლიპომა სუფთა ცხიმის დაგროვებაა, რომელიც კაფსულითაა შემოფარგლული, ხელით შეხებისას ცოტათი მკვრივია და მოძრავი. ათერომაში კი ცხიმის გადაგვარებული უჯრედები გროვდება, ამიტომ მასა მასში უფრო თხიერი და რბილია.
ექიმის თქმით, ლიპომა კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.

ლიპომები შესაძლოა გაჩნდეს მუცლის ღრუშიც, თირკმელზე, ღვიძლსა და სხვადასხვა ორგანოში. ასეთი ლიპომა თვალით შეუმჩნეველია, მას გარეგანი გამოვლინებები არ ახასიათებს და ძირითადად სხვადასხვა პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს ვლინდება. თუ ლიპომა შიდა ორგანოებზე იზრდება, პაციენტს აღენიშნება ტკივილი – „კანქვეშა ლიპომა შეიძლება 5 სმ-მდე გაიზარდოს, მაგრამ გარდა კოსმეტიკური ცვლილებისა, არაფერი გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ლიპომა თირკმელზე იზრდება, მან შეიძლება თირკმლების მუშაობაც შეაჩეროს. ათერომები შიდა ორგანოებში არასოდეს გვხვდება“ – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშვება და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმის რეგულირების ცვლის მოშლასთანაა დაკავშირებული, ასევე ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების ფონზე განვითარდეს ან/და გენეტიკურად იყოს განპირობებული.

ონკოქირურგის განმარტებით, ლიპომისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანს შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ჰქონდეს და საფრთხეს არ ქმნიდეს (თუ ზომაში არ იზრდება), ათერომას თითქმის ყოველთვის კვეთენ. ათერომის წარმოქმნის ძირითადი მიზეზია ცხიმის გამომყოფი ჯირკვლის სადინარის დაზიანება, როცა ცხიმის გამომყოფი სადინარი იხშობა, მასში გროვდება ის ცხიმი, რაც გარეთ უნდა გამოყოფილიყო კანის დასატენიანებლად. შესაბამისად, ცხიმით სავსე სადინარი – ათერომა, დაკავშირებულია კანის ზედაპირთან და არსებობს რისკი, რომ ამ სადინრით მასში ინფექცია შეიჭრას. ყველაზე ხშირად ათერომა თავის ქალაზე ვითარდება და მას ტკივილი არ ახასიათებს.

ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაპსულიანად ამოაქვთ. თუმცა როგორც თემურ გოგიტიძე ამბობს, დიდი განაკვეთი ყოველთვის არ არის აუცილებელი და პატარა (1-2 სმ) ლიპომებს ლიპოსაქციით იღებენ კაფსულიდან. ათერომების ამოკვეთა კი ყოველთვის კაფსულიანად უნდა მოხდეს იმისთვის, რომ იქ ანთების გამომწვევი ქსოვილები არ დარჩეს და ხელახლა არ განვითარდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: